ინფექციონისტის მაია ბუწაშვილის განცხადებით, ის ადამიანები, ვინც კოვიდი უკვე გადაიტანა ახალი შტამით ხელახლა ინფიცირების რისკის ქვეშ არ არიან.
ამის შესახებ ბუწაშვილმა „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
“იმ ადამიანებისთვის, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა, ახალი შტამით ინფიცირების უფრო მაღალი პროცენტი არაა. როგორც წინამორბედი კორონავირუსის დროს, იშვიათი იყო რეინფიცირება, ასევეა ახალი შტამის შემთხვევაშიც. იმ ადამიანებს, ვისაც კოვიდი გადატანილი აქვთ, ახალი შტამით ხელახლა ინფიცირების რისკი არ ეზრდებათ.
ვირუსებს მუტაციის აქტიური უნარი აქვთ. კორონავირუსი აქამდე, ძალიან მუტაგენური არ იყო, რაიმე მკვეთრი ცვლილება არ განუცდია, თუმცა, ახლა ახალი შტამის გამოვლენის წინაშე აღმოვჩნდით. ჯერჯერობით, კვლევა ძალიან ცოტაა, მაგრამ რაც გვაქვს, იმის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ დიახ, უფრო მეტად გადამდებია. ამ ვირუსით ინფიცირებულთა მაღალ პროცენტს აქვს ძალიან მაღალი კონცენტრაციით ვირუსი ზემო სასუნთქ გზებში და ვირუსი მეტად გამოიყოფა. ჯერჯერობით, იკვეთება, რომ რაიმე განსაკუთრებული მავნებლობა არ ახასიათებს – არაა გაზრდილი დაავადების უფრო მძიმედ მიმდინარეობისა და სიკვდილობის პროცენტები. ასევე, კარგია ის, რომ ეს ვირუსი ჩვეულებრივი, PCR-ტესტებისთვის აღმოჩენადია.“-განაცხადა მაია ბუწაშვილმა.