LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამბროლაურის აეროპორტმა რაჭაში ეკონომიკური აქტივობა გაზარდა: გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები

112
1-7

ამბროლაურის აეროპორტს დღეს ოთხი წელი შეუსრულდა. პირველი რეისი ნატახტარიდან რაჭის მიმართულებით 2017 წლის 14 იანვარს შესრულდა. გახსნის დღიდან დღემდე ამბროლაურის აეროპორტი 6100-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ფრენების დაწყებამდე თბილისიდან ამბროლაურის მიმართულებით მიკროავტობუსები მოძრაობდნენ. მანძილი 270 კილომეტრია და მის დაფარვას, დაახლოებით, 4 საათი სჭირდებოდა. აეროპორტის მშენებლობის შემდეგ, მგზავრობის ხანგრძლივობა ნატახტარიდან ამბროლაურის მიმართულებით 35 წუთამდე შემცირდა. შესაბამისად, რაჭა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, აეროპორტის არსებობა მნიშვნელოვანია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარისთვის, განსაკუთრებით, ადგილობრივი ტურისტული სექტორისთვის, რადგან ამბროლაურის აეროპორტმა რეგიონის მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა.

„ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტის არსებობით რაჭაში ეკონომიკური აქტივობა გაიზარდა. გაჩნდა ახალი სასტუმროები, გესთ ჰაუსები, შესაბამისად, დამატებითი სამუშო ადგილები, რამაც მეტწილად ხელი შეუწყო რეგიონში ტურიზმის სფეროს განვითარებას. აეროპორტში ჯამში, ამ ეტაპზე, 55 ადამიანია დასაქმებული. მინდა თითოეულ მათგანს მივულოცო დღევანდელი დღე და მადლობა გადავუხადო განსაკუთრებით რთულ პანდემიურ პერიოდში, დაუღალავი შრომისთვის. აეროპორტს კი 2021 წელს მეტი რეისისა და მგზავრის მიღება ვუსურვო,“- განაცხადა თამარ არჩუაძემ.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ამბროლაურის აეროპორტი უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში აშენდა. მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და იანვარში უკვე პირველი რეისი მიიღო. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე აეროპორტი მცირე ზომის – 15 ადგილიან საჰაერო ხომალდებს ემსახურება. სამომავლოდ გათვალისწინებულია უფრო დიდი ხომალდების მიღების შესაძლებლობა და მგზავრთა ნაკადის ზრდის შემთხვევაში ტერმინალის გაფართოებაც.

ცნობისთვის, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვ.მ-ია და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g