„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორის, თამთა მიქელაძის განცხადებით, ბუკნარის მოსახლეობა შერიგებისა და კონფლიქტის დასრულებისთვის მზად არის.
ამ თემაზე მან რადიო თავისუფლებასთან ისაუბრა.
„როგორ ვიგებთ ჩვენ ჩვენს ერთობას, ვინ ვართ ქართველები? ისინი, ვინც ეთნიკურობის და რელიგიურობის ხაზებით იქმნება, თუ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა ჯგუფები, რომლებსაც საერთო ისტორია, მეხსიერება და შესაბამისად სამართლიანობის უფლებების მოთხოვნის და თანაბარი შესაძლებლობები და უფლებები გვაქვს.
სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ამ ერთობისა და „ჩვენის“ გაგება არ არის ინკლუზიური, არ არის ფართე, არ მოიცავს ყველა იმ ჯგუფს, რომლებიც ისტორიულად საქართველოში ცხოვრობენ და ის ძალიან ვიწრო ეთნიკურ და რელიგიურ მარკერებზე დგას.
„სწორედ ამ ერთობის, ანუ ამ „ჩვენის“ გაგების ვიწრო ეთნიკური და რელიგიური შინაარსის გამო სხვადასხვა ჯგუფები და მათ შორის ქართველი მუსლიმები მუდმივად აწყდებიან გარიყულობას, დახარისხებას და სათანადო მოქალაქეობის თუ მეორე ხარისხის მოქალაქეობის პრობლემას.
„ჩვენ არ ვლაპარაკობთ რომ იქ უნდა ჩადგეს პოლიცია, ჯარი და ასე უნდა იყოს უზრუნველყოფილი მშვიდობა…ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ სოლიდარული და მშვიდი გარემო შექმნას და ამას სჭირდება მედიაცია, კულტივირება, ამას სჭირდება სოციალური მუშაკების, განათლების მუშაკების, კულტურის მუშაკების მონაწილეობა და რა თქმა უნდა, საპოლიციო სახელმწიფო და პოლიციით დალაგებული სამეზობლო და სათემო ურთიერთობების ჩვენ არ გვჯერა,“ – განაცხადა თამთა მიქელაძემ.