“სახელმწიფო კოვიდთან და მასთან დაკავშირებულ სინდრომებთან ასოცირებულ ხარჯებს ფაქტიური ანაზღაურებით აფინანსებს. ხარჯების წარმოდგენის შემდეგ მოხდება სრულად დაფინანსება.” – საქართველოში კორონავირუსის მიმდინარეობის ფონზე, ბავშვებში გამოვლენილ მულტიორგანული ანთების სინდრომზე, შემთხვევების რაოდენობასა და მკურნალობის სპეციფიკაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს ბრიფინგზე ისაუბრა.
თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის პიკური გავრცელების შემდეგ დაფიქსირებულია სინდრომის 55-დან 60-მდე შემთხვევა, რომელთა უმრავლესობაც მსუბუქად მიმდინარეობდა პაციენტებში:
“მულტიორგანული ანთების სინდრომი, სამედიცინო საზოგადოებისთვის რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, მაშინ როცა ბრიტანეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს შემთხვევები დაფიქსირდა. ამ სინდრომმა ჩვენთანაც ახლა დაიწყო გარკვეულწილად გამოვლენა და დაფიქსირებულია, დაახლოებით, 55-დან 60 შემთხვევამდე.
შემთხვევების დიდი ნაწილი იყო მსუბუქი მიმდინარეობის და საბედნიეროდ, ყველა კარგად დამთავრდა. პროფესიონალი პედიატრების მიერ შესაბამისი პროტოკოლი 10 ნოემბერს მომზადდა, რომელიც სამინისტრომ დაამტკიცა. პროტოკოლი ითვალისწინებს სწორედ ამ სინდრომის მართვას. შემთხვევების დიდი ნაწილისთვის საკმარისია სტანდარტული მკურნალობა, ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა “მონოგლობულინგი”, რომელიც აქვს იმ კლინიკებს, რომლებიც ამ მედიკამენტს მანამდეც იყენებდნენ. იაშვილის კლინიკაში ამ მომენტში მედიკამენტის დეფიციტი არ არის. როდესაც ბავშვებს დასჭირდებათ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ ამის გამოყენება.
მან ასევე მკურნალობის დაფინანსებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ კოვიდთან და მასთან დაკავშირებულ სინდრომებთან ასოცირებულ ხარჯებს სახელმწიფო ფაქტიური ანაზღაურებით აფინანსებს:
“ეს მედიკამენტი აფთიაქში არც უნდა ვეძებოთ, ეს არის საავადმყოფოს პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოს შესაბამის შემთხვევებში მედიკამენტზე წვდომა პაციენტისთვის. ხარჯების ანაზღაურება არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, ამდენად ბაზარზე და მით უფრო “შავ ბაზარზე” არავინ არ შეეცადოს მოძიებას. ხარჯებს წარმოადგენენ და მოხდება მკურნალობის სრულად დაფინანსება.” – განაცხადა გაბუნიამ.
