LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყვია, დარიშხანი, კადმიუმი – საშიში კოსმეტიკა თქვენს ჩანთაშია

ტუში, პომადა, თვალის ფანქარი, კრემი, თმისა და ფრჩხილის აქროლადი ლაქები  –  ყოველწლიურად ქალის ორგანიზმში 3 კილოგრამი კოსმეტიკა ხვდება. ქართულ რეალობაში მომხმარებელთა უმრავლესობა არჩევანს იაფფასიან პროდუქციაზე აჩერებს, რადგან  მაღაზიისა და ბაზრობების დახლებზე უხვად გამოფენილი კოსმეტიკა დაბალშემოსავლიანი ფენისთვის ხელმისაწვდომია.  აღსანიშნავია, რომ ფასი ხარისხის გარანტიას მაინც არ ქმნის და მძიმე მეტალების კვალი ხშირად ცნობილი ბრენდების კოსმეტიკურ ნაწარმშიც აღმოჩენილა.

კოსმეტიკურ საშუალებათა ინგრედიენტებიდან  ყველაზე დიდ საფრთხეს დეკორატიული კოსმეტიკის შემადგენლობაში შემავალი  ტყვია და მძიმე მეტალები წარმოადგენს.

 

სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს?!

 

გამონათქვამი  “სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს” პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება, აგიხდეთ.  

ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრი, პროფესორი რამაზ გახოკიძე, „ფორტუნასთან” იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც ორგანიზმში კოსმეტიკის საშუალებით მოხვედრილმა მძიმე მეტალებმა შიძლება,  გამოიწვიოს.

„მწარმოებლისთვის ტექნოლოგიურად უფრო ხელსაყრელია, დაამზადონ პომადები და ზოგადად კოსმეტიკა, არა ნატურალურ ზეთებზე, არამედ სინთეზურ ნივთიერებებზე და ნავთობპროდუქტებზე. შეგნებულად არ ვასახელებ ბრენდებს , მაგრამ  4 პოპულარული ფირმის კოსმეტიკური საშუალებების შესწავლისას მათში მძიმე მეტალების არსებობა დადასტურდა.  კოსმეტიკა შეიცავდა ნიკელს  – 100%, ტყვიას – 96%, ბერილიუმს  – 90%, ასევე დარიშხანს და კადმიუმს. შემოწმებული 50 პომადიდან მხოლოდ 14 აღმოჩნდა უვნებელი.  

“ცოტა ხნის წინ თავისუფალი გაყიდვიდან ამოიღეს გამაახალგაზრდავებელი კრემი, რომელსაც ერთ-ერთი შვეიცარიული კომპანია აწარმოებდა. კრემი შეიცავდა კარნოზინს – მაღალ ეფექტიან ანტიოქსიდანტს, რომლის უკონტროლო გამოყენება კანის კიბოს იწვევს.  

“ჩამოთვლილი  ნივთიერებების მოხმარება კოსმეტიკურ ნაწარმში ამერიკასა და ევროპაში დიდი ხანია, აკრძალულია. თუმცა, სრულიად დასაშვებია, ასეთი პროდუქტი ქართულ ბაზარზე შემოდიოდეს, რადგან მაკონტროლებელი ორგანო არ გვაქვს,“ – ამბობს „ფორტუნასთან“  ქიმიკოსი რამაზ გახოკიძე.

 

 

როგორ ამოვიცნოთ მავნე კოსმეტიკა

ქვეყნის ბაზარზე შემოსული  კოსმეტიკის მაკონტროლებელი ორგანო ჯერ ჯერობით არ არსებობს. სტრუქტურა,  რომელიც კოსმეტიკისა და სხვა საყოფაცხოვრებო ქიმიის შემადგენლობასა და ხარისხზე იქნება პასუხისმგებელი, ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, ქვეყანაში მხოლოდ 2019 წლიდან ამოქმედდება.  

პროდუქტის უსაფრთხოებასა და ნატურალურობაში დასარწმუნებლად შეფუთვაზე დატანილ  ეტიკეტს უნდა გაეცნოთ. თუმცა, ისიც საგულისხმოა,  რომ ეტიკეტზე დასახელებული ნივთიერებების გარჩევას მხოლოდ ქიმიის კარგად მცოდნე თუ შეძლებს.

კოსმეტიკური ეფექტის გაძლიერებისა და ხანგრძლივი შენახვისთვის, მწარმოებლები კოსმეტიკურ პროდუქციას ხშირად კონსერვანტებს უმატებენ, რომელიც ჯანმრთელობისთვისაც საშიშია და სილამაზისთვისაც.

დასახელებები ეტიკეტზე: მეთილპარაბენი (Methylparaben), პროპილპარაბენი (Propylparaben), ეთილპარაბენი (Ethylparaben), ბუტილპარაბენი (Butylparaben)  – ნაწარმში მავნე ნივთიერებებს ნიშნავს.  ყველა ეს პარაბენი, ადვილად იწოვება კანში, გროვდება ორგანიზმში და არღვევს ჰორმონალურ წონასწორობას, იწვევს სარძევე ჯირკვლის სიმსივნის განვითარების რისკის მომატებას. ორსულობის დროს პარაბენებმა შეიძლება, გამოიწვიოს ნაყოფის რეპროდუქციული სისტემის დარღვევებიც.  

რამდენად ღირს სილამაზე ასეთ მსხვერპლად, თქვენი გადასაწყვეტია. ფაქტი ერთია, ნებისმიერი კოსმეტიკის შეძენამდე, იქნება ეს ბრენდული თუ იაფფასიანი, ეტიკეტისა და ქიმიის კარგად შესწავლა მოგიწევთ.

 

 

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g