„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „რუსთავი 2“- ის ეთერში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას აღნიშნავს, რომ ვიდრე პოლიტიკაზე, ან რაიმე გეგმებზე დაიწყებენ საუბარს, უმჯობესია, ჯერ წესებზე შეთანხმდნენ.
„არჩევნების გაყალბება პოლიტიკის გაყალბების ბრალია, პოლიტიკაში დამკვიდრებული სიცრუის, სიტყვის გატეხვის და ღალატის ბრალი. ამიტომ ვიდრე პოლიტიკაზე ან რამე საქმეზე დავიწყებთ საუბარს და გეგმებს დავაწყობთ, ჯერ წესებზე უნდა შევთანხმდეთ“. – წერს „ლელოს“ ლიდერი სოციალურ ქსელში.
ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ მისი პარტია ქართულ პოლიტიკაში ახალ სტარდარტს დაამკვიდრებს და სიტყვას ფასი ექნება.
„ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმეო,“ – ყველას გვახსოვს ეს სიტყვები ჭაბუა ამირეჯიბის რომანიდან. ჯერ საერთო წესზე შევთანხმდეთ – იმ მორალური, ეთიკური და ღირსების პრინციპების დაცვაზე, რომელიც ქართველ კაცს ისტორიულად მოსდევს. უნდა დავაწესოთ, რომ არცერთი საქმე არ გამოვა თუ არ გვეცოდინება სიტყვის ფასი, თავისუფლების ფასი, თვალებში ჩახედვის და ხელის ჩამორთმევის ფასი, თუ უარს არ ვეტყვით ღალატს, სიცრუეს, მონობას, საქვეყნო ინტერესზე წინ პირადის დაყენებას.
პოლიტიკა ბინძური საქმეაო, ამბობენ, ყველა საქმე ბინძურია, თუ მას ჭუჭყიანი ხელით, ღვარძლით, ცილისწამებით და პირადი გამორჩენით აკეთებ. და პოლიტიკა ბინძური იქნება იქამდე, ვიდრე ეს არ დამთავრდება, ვიდრე ეს ველი არ გაიწმინდება. ერთი წელია პოლიტიკაში ვარ და მივხვდი – ყველას, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს ამ ქვეყნის წინაშე, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, ჯერ ამ მარტივ წესებზე უნდა შეთანხმდეს და ბოლომდე დაიცვას. მე მჯერა, რომ „ლელო“ ამ სტანდარტს შექმნის და დაამკვიდრებს ქართულ პოლიტიკაში“, – წერს სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, გუშინ მამუკა ხაზარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში „მოქალაქების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ტყუილი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, რასაც პოლიტიკოსებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.