LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპირება შესრულებულია – 12 წლიან დავაში საქართველომ გაიმარჯვა: იუსტიციის მინისტრი სტრასბურგის გადაწყვეტილების დეტალებზე

93
FORTUNA.GE- (1)

“ჩვენ შეგპირდით, რომ ეს იქნებოდა ბრძოლა სიმართლისა და სამართლიანობისთვის და ამ ბრძოლაში კომპრომისი არ იქნებოდა. დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ეს დაპირება არის შესრულებული – საქართველომ სახელმწიფოთა შორის 12-წლიან დავაში რუსეთის წინააღმდეგ გაიმარჯვა.” – ამ სიტყვებით დაიწყო ბრიფინგი იუსტიციის მინისტრმა მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი – დღეს დადასტურდა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

გოჩა ლორთქიფანიძემ ვრცლად ისაუბრა იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც სასამართლოს დიდმა პალატამ 17 მოსამართლის შემადგენლობით მიიღო და რომელიც აღარ საჩივრდება.

დადგინა, რომ:

➤  რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე ეფექტურ კონტროლს. აქედან გამომდინარე, მას შეეფარდება პასუხისმგებლობა, საქართველოს მოსახლეობის უფლებების დარღვევისთვის.

სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

➤   სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.

რაც შეეხება უშუალოდ მსჯელობას კონვენციის ცალკეული მუხლების დარღვევასთან დაკავშირებით, რუსეთმა დაარღვია შემდეგი უფლებები:

კონვენციის მეორე მუხლი – სიცოცხლის უფლება:

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია სიცოცხლის უფლების პროცედურული ნაწილის დარღვევისთვის, რადგან არ გამოიძია ომის პერიოდში და მის შემდეგ საქართველოს მოსახლეობის მკვლელობები. აღნიშნული მკვლელობის გამოძიებაზე აღსრულების ეტაპზე უკვე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განახორციელებს ზედამხედველობას.

კონვენციის მესამე მუხლი – წამების აკრძალვა:

◾   სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველო პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის. სასამართლომ მიიჩნია დადგენილად, რომ რუსეთი პასუხისმგებელია როგორც ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისთვის, ასევე დაახლოებით 160 სამოქალაქო პირის დაკავებისა და ცხინვალის იზოლატორში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისთვის.

კონვენციის მეხუთე მუხლი – თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება:

◾  რუსეთის სამხედრო ძალებისა და მის მიერ კონტროლირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებამ, აგრეთვე გამოიწვია ამ მუხლის დარღვევა.

კონვენციის 38-ე მუხლი – სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულება:

რუსეთმა, საქართველოს სახელმწიფოსგან განსხვავებით, არ ითანამშრომლა ევროპულ სასამართლოსთან და არ წარადგინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები აქტიურ საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც დაეხმარებოდა სასამართლოს, საქმესთან დაკავშირებით დამატებით ფაქტების დადგენაში.

ასევე დაირღვა:

კონვენციის მეოთხე დამატებითი ოქმის მეორე მუხლი –  მიმოსვლის თავისუფლება;

კონვენციის მერვე მუხლი – პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება;

კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი – საკუთრების უფლება.

 

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის დარღვევისათვის სამართლიანი დაკმაყოფილებისა და ზიანის ანაზღაურების საკითხი ცალკე პროცედურით გადაწყდება და მხარეებს პოზიციების წარსადგენად აქვთ ერთი წელი.

ასევე, ევროპული სასამართლო იზიარებს საქართველოს არგუმენტებს რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით და ადგენს, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ცხინვალის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მიზანმიმართულად ქართული სოფლების გადაწვის, ძარცვისა და განადგურებისათვის.

საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში 12-წლიანი დავა მოუგო. გადაწყვეტილების შესახებ დღეს გამოცხადდა.

 

ეს საერთო გამარჯვებაა! დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა! – გახარია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

ჩვენ გავიმარჯვეთ! საქართველომ რუსეთს დავა მოუგო! – თეა წულუკიანი

პოპულარულები