LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა ქვეყნის მხარდამჭერი აქტი წარადგინეს

111
აშშ-ს კონგრესი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამერიკის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი კვლავ წარადგინეს.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, კანონპროექტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ, აღიარებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მათ შორის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კუთხით, და მტკიცედ ადასტურებს აშშ-ს წინააღმდეგობას რუსეთის მიერ რეგიონში განხორციელებული აგრესიის მიმართ.

უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონებში, რუსეთი აღვივებს არეულობას, დახმარებას უწევს სეპარატისტულ მოძრაობებს და ახდენს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს, მათ შორის, ახორციელებს დაკავებებს და მკვლელობებს. რუსული ძალები განაგრძობენ სამოქალაქო თემების შევიწროებას ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ და აფერხებენ იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების უფლებას.

საქართველოს მხარდამჭერი აქტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ზემოაღნიშნულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაში პასუხისმგებელ პირთა მიმართ სანქციების დაწესებით.

“მეამაყება, რომ კვლავ წარვადგენ საქართველოს მხარდამჭერ აქტს, რომელიც განამტკიცებს აშშ-საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორობას, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ურთიერთობას მსოფლიოს კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაწილში. ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დემოკრატიულ განვითარებას და უსაფრთხოებას, განსაკუთრებით რუსული აგრესიის პირობებში”, – განაცხადა კონგრესმენმა კონოლიმ.

კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებით კი, მოცემული დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ საქართველო დიდი ხანია ნატოს ასპირანტი ქვეყანაა.

“უკვე 12 წელზე მეტი გავიდა, რაც რუსული ჯარები შეიჭრნენ და მოახდინეს საქართველოს მიწების ოკუპაცია. თუმცა მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის პირობებშიც კი, საქართველო დაუღალავად მუშაობდა დემოკრატიის განვითარებისა და თავისი ხალხის დამოუკიდებლობისთვის. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელახლა წარვადგენთ ამ კანონპროექტს. მე, როგორც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მტკიცედ ვდგავარ ჩვენი ქართველ მეგობრების გვერდში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას, კონგრესმენ კონოლის, თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსადმი თავდადებისთვის”,- განაცხადა ადამ კინზინგერმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარმომადგენელთა პალატის მიერ 2019 წლის 22 ოქტომბერს მიიღეს. კანონპროექტი ასევე 115-ე კონგრესის მიერ მიიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g