„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, კოვიდ ვაქცინის სიმბოლური დოზის შემოსვლის დაგვიანება, მთავრობის დანაშაულსა და უმოქმედობაზე მიუთითებს. მისივე თქმით, საქართველოზე ბევრად განუვითარებელ, ეკონომიკურად ღარიბ ქვეყნებში, „კოვაქს“ პლატფორმიდან და მწარმოებლებთან პირდაპირი მოლაპარაკებებით, ვაქცინები უკვე შევიდა.
როგორც სერგო ჩიხლაძემ სააგენტო „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, კორონავირუსზე ვაქცინაციის დაგვიანება ხელისუფლების არაეფექტურ ქმედებებს უკავშირდება.
„დაპირებულ ვადებშიც კი ვერ შემოდის „კოვაქს“ პლატფორმიდან ვაქცინა. აღმოჩნდა, რომ კიდევ რამდენიმე კვირა დაიგვიანებს. საქმე გვაქვს ხელისუფლების არაეფექტურ ქმედებებთან, ცუდ მენეჯმენტთან და პასიურობასთან. ჩვენზე ბევრად განუვითარებელ, ეკონომიკურად ღარიბ ქვეყნებში, უკვე შევიდა ვაქცინები „კოვაქს“ პლატფორმიდან და მწარმოებლებთან პირდაპირი მოლაპარაკებებით. ჩვენზე გაჭირვებულ და ღარიბ ქვეყნებში უკვე დაწყებულია ვაქცინაცია,”- აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
მისი თქმით, საუბარია სიმბოლურ დოზებზე, რომელიც მთავრობის მიერ გაწერილი გეგმის მიხედვით კვირის მესამედის სამყოფი რაოდენობაა.
“მთავრობის მიერ გაწერილი გეგმის მიხედვით, კვირაში უნდა ვაკეთოთ 73-90 ათას დოზამდე. თვეში 300-400 ათასი დოზა უნდა იყოს გაკეთებული, რომ 9-10 თვეში გავიდეთ იმ მაჩვენებელზე, რაც მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ გეგმაშია. სიმბოლური დოზის შემოსვლაც რომ გვიანდება, ეს მთავრობის დანაშაული და უმოქმედობაა. ყველგან ყოველთვის დააგვიანა, არ აწარმოებს მოლაპარაკებებს მწარმოებლებთან, მეგობარ ქვეყნებთან, დაიგვიანა „კოვაქს“ პლატფორმამაც, – აცხადებს ჩიხლაძე.
როგორც “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი აღნიშნავს, იმ ფონზე, როდესაც ვაქცინაციის დაწყების პროცესი შეფერხდა, მთავრობის მიერ გაცხადებული გეგმა, რომ წლის ბოლომდე კორონავირუსზე მოსახლეობის 60% იყოს ვაქცინირებული, მიუღწეველია.
„სამწუხაროდ, შეგვიძლია მოვახდინოთ ფაქტის კონსტანტაცია, რომ წლის ბოლომდე ეს ვერ მოხდება. თებერვალი უკვე გავიდა. უნდა იყოს გაწერილი, რომ მარტიდან ყოველთვიურად 300 ათასი დოზის ადმინისტრირებას ვახდენთ და 300 ათას ადამიანს ვცრით. დარჩა 10 თვე. გამოდის, რომ 350-400 ათასი დოზის ადმინისტრირება უნდა მოხდეს ყოველ თვე. ახლა საუბარია 29 ათას დოზაზე, რომელიც ჯერ ვერ ჩამოდის. უნდა ვეცადოთ, 2022 წლის ბოლომდე არ გაიწელოს ეს პროცესი, თან არ ვიცით, ვაქცინაციის სიხშირეც. მნიშვნელოვანია მოკლე დროში მოხდეს, რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტი მიიღწეს“,-აცხადებს ჩიხლაძე.
შეგახსენებთ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, “ფაიზერის” პლატფორმიდან ვაქცინების მოწოდებასთან დაკავშირებით გარკვეული შეფერხებები შეიქმნა.