LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქიმიური საშუალება საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით გამოიყენეს – საია ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციაზე

73
BeFunky-collage (2)

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციას “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” განცხადებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით მიმდინარე პროცესების დეესკალაცია.

საიას შეფასებით, საპოლიციო ძალების მეშვეობით ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრებამ, კიდევ უფრო დაამძიმა არსებული ვითარება. ამიტომ ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგას კონსტრუქციული ნაბიჯები ქვეყნის პოლიტიკური კრიზიდან გამოსაყვანად, ამასთანავე, არ დაუშვას შეკრება/მანიფესტაციის უფლებაში ჩარევა და მისცეს დემონსტრანტებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობის საშუალება.

ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასება: 

საიას განცხადებით, ქიმიური სპეციალური საშუალებები (მათ შორის, წიწაკის გაზი) გამოიყენება ძალადობრივი წინააღმდეგობის უგულებელსაყოფად,როდესაც არსებობს დაზიანების მყისიერი და გარდაუვალი საფრთხე. ორგანიზაციის შეფასებით, დაუშვებელია მათი გამოყენება პასიური წინააღმდეგობის დროს, ასევე დახურულ სივრცეებში, სადაც არ არის ადეკვატური ვენტილაცია ან უსაფრთხო გასასვლელი. ასეთ შემთხვევაში, არსებობს ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების საფრთხე. ქიმიური საშუალებები უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც სამართალდამცავებს აქვთ საკმარისი ინფორმაცია იმის დასადასტურებლად, რომ ეს საშუალებები არ გამოიწვევს ჯანმრთელობის გაუმართლებელ პრობლემებს.

როგორც საია აღნიშნავს, საგულისხმოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეკრებილი მოქალაქეები არ მიმართავდნენ ძალადობრივ ქმედებებს. ისინი იმყოფებოდნენ დახურულ სივრცეში, აგრეთვე, შეუძლებელი იყო შენობის უსაფრთხო და მყისიერი დატოვება. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ შენობაში მყოფი ერთ-ერთი პირი ცდილობდა ფანჯრის ჩამტვრევას სავარაუდოდ სპეციალური ქიმიური საშუალების გამოყენების შედეგად წარმოშობილი უჰაერობის უგულებელსაყოფად.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ , რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა, საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მკაცრად რეგულირებად საგამოძიებო მოქმედებას, რომლის ჩატარების დროსაც ყველა შემთხვევაში აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, რადგან საქმე ეხება ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისში არსებული კომპიუტერული სისტემიდან  ისეთი მონაცემების ამოღებას, რომელიც შესაძლოა, დაკავშირებული იყოს პოლიტიკური პარტიის საქმიანობასთან, მნიშვნელოვანია, შესაბამისმა ორგანოებმა საზოგადოებას განუმარტონ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დასაბუთებული  ლეგიტიმური მიზანი.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით:

  • პოლიციის მიერ სპეციალური ქიმიური საშუალების გამოყენება მოხდა კანონისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით.
  • რადგან საქმე ეხება ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისში არსებული კომპიუტერული სისტემიდან ისეთი მონაცემების ამოღებას, რომელიც შესაძლოა, დაკავშირებული იყოს პოლიტიკური პარტიის საქმიანობასთან, მნიშვნელოვანია, შესაბამისმა ორგანოებმა საზოგადოებას განუმარტონ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დასაბუთებული ლეგიტიმური მიზანი.
  • ბოლო დღეების განმავლობაში ვნახეთ სამართალდამცავთა მხრიდან შეკრების უფლებაში ჩარევის არაერთი შემთხვევა

ამ ყველაფერზე დაყრდნობით, საია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს:

– მიიღოს ყველა ზომა პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისა და ნორმალიზების მიმართულებით;

– მისცეს დემონსტრანტებს მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის უფლება.

 

 

მთავარ სლაიდზე ფოტოს ავტორი: ვახო ქარელი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g