LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ფოტოზე ჩვენ ვიღიმით, მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია, სინამდვილეში საშინელება ხდება“- ჰარისა და მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუ

15214
megannews39

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ოპრა უინფრისთვის მიცემულ ინტერვიუზე საუბარი არ წყდება. საზოგადოების ნაწილი მეგან მარკლს სრულ მხარდაჭერას უცხადებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს ინტერვიუ სრულიად სამეფო ოჯახის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული.

პირველი, რამაც მედია შოკში ჩააგდო, იყო მეგან მარკლის განცხადება თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ: „მე უბრალოდ ვერ ვპოულობდი გამოსავალს. ვიღვიძებდი ღამით, ვიჯექი და არ ვიცოდი, რა მეკეთებინა. იმის გაცნობიერება, რომ ხალხი აგრესიას გამოხატავს მხოლოდ იმიტომ, რომ ცოცხალი ვარ, წარმოუდგენელ ტკივილს მაყენებდა. მე მრცხვენოდა ამაზე ღიად საუბრის, ჰარისთანაც კი. უბრალოდ ვხვდებოდი, რომ არ მელაპარაკა, სიცოცხლე თვითმკვლელობით უნდა დამესრულებინა“, -ამბობს სასექსის ჰერცოგინია. მისივე თქმით, ის დახმარებისთვის ფსიქოლოგთა ჯგუფს დაუკავშირდა, თუმცა მას განუცხადეს, რომ ის არ იყო სამეფო ოჯახის იმ წევრთა სიაში, ვისაც დახმარება ეკუთვნოდა.

ყველაზე მძიმედ ოპრა უინფრის შოუში მეგანმა  და ჰარიმ ალბერტ-ჰოლში გამართული ღონისძიების ამბავი გაიხსენეს. ეთერში გავიდა ფოტო, სადაც მეუღლეები ღონისძიებაზე მომღიმარი სახით სხედან: „ამ ფოტოზე ჩვენ ვიღიმით, მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია, სინამდვილეში საშინელება ხდება“, – იხსენებს მეგანი. 2019 წელს ის პრინც არჩიზე ორსულად იყო და სწორედ ამ დროს ის აქტიურად ფიქრობდა სუიციდზე, რადგან სამეფო ოჯახში მას შეუთვალეს, რომ თუ ბავშვი მუქი კანით დაიბადებოდა, მას ტიტულს არ მისცემდნენ. ამ რეპლიკამ ოპრა უინფრი შოკში ჩააგდო, ის ჩაეკითხა მეგანს, ვისგან მოდიოდა ეს მუქარა, თუმცა, მეგან მარკლიმ სამეფო ოჯახის წევრის ვინაობა არ დაასახელა.

ინტერვიუში მეგან მარკლიმ მინიშნება გააკეთა იმაზე, რომ დედოფალი მას განსაკუთრებულად ექცეოდა, რომ მისგან ბულინგი არასოდეს უგრძვნია. ის ასევე თბილად საუბრობს პრინც ფილიპზე, რომელიც ახლა საავადმყოფოშია. რაც შეება პრინც ჩარლზსა და უილიამს, სავარაუდოდ, მთელი პრეტენზიები სწორედ მათ მიმართ იყო მიმართული.

კითხვაზე, როგორ მიიღებდა ამ ამბავს პრინცესა დაიანა, ჰარი ამბობს, რომ ის ძალიან გაბრაზდებოდა იმაზე, როგორ ექცეოდა სამეფო ოჯახი მეგანს. აქვე მარკლიმ ქეით მიდლტონთან კონფლიქტის თემაც გაიხსენა და მოყვა, რომ ინციდენტი ქორწილის დროს მოხდა. როგორც ჩანს, ქეითმა და მეგანმა იკამათეს, რის გამოც მეგანმა იტირა და ეს ინფორმაცია მედიაში არასწორად გავრცელდა. მეგანი ამბობს, რომ ქეითი კარგი ადამიანია, რომ მას მალევე ყვავილები გაუგზავნა და მოუბოდიშა.

ამავე ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ პრინც ჰარის მამა, პრინცი ჩარლზი აღარ ეკონტაქტება, რასაც ჰარი ძალიან განიცდის. ჩარლზს ასევე არ აქვს ურთიერთობა პატარა არჩისთან. ამ დროისთვის ჰარისა და მეგანს შეჩერებული აქვთ ფინანსური დახმარება სამეფო ოჯახისგან და ისინი ამ ეტაპზე საკუთარი შემოსავლების მოძიებით არიან დაკავებულნი. მეუღლეებმა ოპრა უინფრის მომავალში შვილის სქესიც გაუმხილეს და თქვეს, რომ გოგონას ელოდებიან. ისიც დასძინეს, რომ მომავალში შვილის ყოლას აღარ აპირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g