სულ უფრო ცოტა დრო რჩება პრემიერ – მინისტრის ბრიუსელში ვიზიტამდე. ირაკლი ღარიბაშვილს ოპოზიციასთან მიღწეული კონკრეტული შედეგით ელოდებიან.
„ჩვენ ვართ მზად, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი“ , – თქვა დღეს პრემიერმა, მაგრამ არსად ჩანს კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმის მცდელობები.
15-17 მარტს მივემგზავრებით ბრიუსელში, უნდა ვიხელმძღვანელოთ ქართველი ხალხის ინტერესებით: ღარიბაშვილი
"საქართველო-ევროკავშირის ასოცირების სხდომაზე წარმოვაჩენთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან პროგრეს რეფორმების განხორციელების საქმეში" - პრემიერი
არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს.
რა გეგმა აქვს ოპოზიციას და რა გეგმა აქვს ხელისუფლებას, როგორ ხედავენ ისინი შექმნილი კრიზისიდან გამოსავალას, ამ თემაზე „ფორტუნა“ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს ესაუბრა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ გამორიცხულია ოპოზიციამ ივანიშვილს არჩევებისა და პატიმრების გათავისუფლების თემა დაუთმოს.
„პრემიერი ბრიუსელში ან ჩავა ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმებით, ან ჩავა შეთანხმების გარეშე. შეთანხმების გარეშე თუ ჩავა, მას თუ ჰგონია, რომ პროპაგანდით და ტყუილებით გავა ფონს, ძალიან ცდება. თუ მართლა ისეთ განწყობაზეა ივანიშვილი, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი განმუხტოს, მაშინ ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ექნება. ოღონდ მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, რომ ჩვენ პოლიტიკური პატიმრების საკითხს დავთმობთ, ეს გამორიცხულია. არც ახალი არჩევნების საკითხს დავთმობთ. ამიტომ ამ საკითხებზე მას მოუწევს, უკან დახევა. ტაქტიკურ თემებში, რა თქმა უნდა, მოქნილები ვიქნებით. მაგრამ მოლოდინი, რომ მელიას ციხეში დავტოვებთ და შეთანხმება შედგება, ან გიორგი რურუას ციხეში დავტოვებთ და შეთანხმება შედგება, ეს უბრალოდ არასწორი მოლოდინია“.- ამბობს კაპანაძე.
კაპანაძე ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან დადებითი მოლოდინები არ აქვს.
„ვნახოთ, რაც დღეს პრემიერმა თქვა, რამდენად იქნება რეალობა და რამდენად შესრულდება. მე ხელისუფლების მხრიდან დათმობების მოლოდინი არ მაქვს, ველოდები, როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტია, რომ ევროკავშირის ჩართულობა არის ძალიან მაღალი და ეს ძალიან კარგია. ახლა უკვე ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რამდენად მოეგება გონს“. – განმარტავს კაპანაძე.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლადო კახაძე მიიჩნევს, რომ ამ რთულ სიტუაციაში არბიტრის როლი ევროპამ უნდა შეასრულოს.
„სად ვხედავ გამოსავალს, აგიხსნით კონკრეტული მაგალითით. მე ახლა გიპასუხებთ, როგორც ლადო კახაძე როგორც „ობივაწელი“, პარლამენტის წევრი, მაგრამ ასაკში შესული ქართველი, რომელსაც ცხოვრებაში რაღაც გამოცდილება გააჩნია.
მაგალითად მე ვარ ქირურგი. აქეთ არის პაციენტი, რომელსაც ვუხსნი, რომ ეს დაავადება იწვევს გართულებებს და რომ ოპერაცია აუცილებელია, მაგრამ ამაზე არ თანხმდებიან. მე ვიცი პლაცებო, რომ ეს გზა არის ოპერაციული გზა და გადარჩენის გზა აპრობირებულია. მე მას ხელი უნდა მოვაწერინო, რომ ამ გზას არ თანხმდება. მე არ შემიძლია, ძალით დავაწვინო და ოპერაცია გავუკეთო.
მაგრამ როცა გადაუდებელი ოპერაციაა საჭირო, ამ შემთხვევაში მე არავის არაფერს ვეკითხები…
შენ რომ მეუბნები, ახალი არჩევნები დავნიშნოთ, მე გეუბნები, არაა დასმული დიაგნოზი და ოპერაცია როგორ გავაკეთოთ?
ევროპამ 4 თვის მერეც ხაზგასმით დაადასტურა და არაპირველად, რომ საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისთვის არ გადაუხვევია. გადახრები არის, რეკომენდაციები არის, მაგრამ გამოსწორებაზე უნდა ვიფიქროთ შემდეგი არჩევნებისთვის.
მეორე მხრიდან გვესმის მხოლოდ ულტიმატუმი: „შენ თუ მეტყვი, არ გავაკეთებ, რასაც მე გეტყვი, ის უნდა გააკეთო“.
ის მაგალითი, რომელიც თავიდან მოგიყვანეთ, რომ ოპერაციას ჩემ თავზე ვიღებდი, ახლა ასეთი გადაწყვეტილების მიმღები უნდა იყოს ევროპა.
ვიცი, როგორი გაბედულები, პრინციპულები მართლები არიან ევროპელები. ამიტომ ახლა გადაწყვეტილების მიღება არის ევროპელებზე.
ჩვენი ბედი ევროპამ უნდა გადაწყვიტოს, მან უნდა თქვას, „მე არბიტრი ვარ, რინგზე ორივე გამარჯვებული ვერ იქნება, მხოლოდ ერთისკენ უნდა ავწიო გამარჯვების ნიშნად ხელი“. – ამბობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ამბობს, რომ ოპოზიციაში ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც აღარ უნდა ულტიმატუმის რეჟიმში ყოფნა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ისინი ამჯობინებენ, არჩეულ გზას არ გადაუხვიონ.
„ერთმანეთი მოქცეული ჰყავთ კაკანათში. თუ შენ მართალი ხარ და სარკეში ჩახედვა შეგიძლია, მაშინ ვერავინ ვერ უნდა გაშინებდეს. ყველას აქვს რაღაც დანაშაული, ჩადენილი და ამიტომ ბადებს ეჭვს ეს ყველაფერი“. – ამბობს კახაძე.
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ პირველი ნაბიჯი შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში ხელისუფლებამ უნდა გადადგას.
„შედეგის მისაღწევად პირველი ნაბიჯი ხელისუფლების გადასადგმელია. უნდა გამოუშვან პოლიტპატიმრები. როგორც კი ეს ნაბიჯი გადაიდგმება, ოპოზიცია იძულებული იქნება, რომ ძალიან კომპრომისული წინადადება დადოს მოლაპარაკების მაგიდაზე, მათ შორის ისეთი, რომ ჩვენს ფასილიტატრორებთან და მედიატორებთან მართლები ვიყოთ.
პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი ძალიან მძიმე იქნება ნიკა მელიას ციხეში ყოფნის პირობებში. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ფაქტობრივად არაფერი არ გააკეთა კონფლიქტის აღმოსაფხვრელად.
კითხვაზე, როგორ უნდა მოხდეს მელიას გათავისუფლება, მაშინ ხომ უნდა აღიაროს ხელისუფლებამ, რომ შეცდომა დაუშვა, იაგო ხვიჩია პასუხობს:
„ვფიქრობ, რომ ხელისუფლება იმაზე უფრო უხერხულ მდგომარეობაში ვერ ჩავარდება, ვიდრე არის. მგონია, რომ გათავისუფლებამ შეიძლება გააუმჯობესოს „ოცნების“ მდგომარეობა, ვიდრე გააუარესოს“, და იქვე დასძენს, რომ ოპოზიციაც არაა ევროპისგან სრულად მხარდაჭერილი მხარე.„მესმის ადამიანების სკეფსისი ამ საკითხში, ოთხი თვეა უყურებენ, როგორ ბჭობენ ადამიანები შევიდნენ თუ არა პარლამენტში. მაშინ როდესაც ადამიანების უდიდესი ნაწილისთვის სულ ერთია შევლენ თუ არა პოლიტიკოსები პარლამენტში“.
ხვიჩიას თქმით, კოლეგებს უნდათ თუ არა, მოლაპარაკება აუცილებელია და ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.
„ჩვენი პოლიტიკური სპექტრიდან გამომდინარე, ვიცი, რომ ადვილი არაა, მათ რამეზე მოელაპარაკო. ნათელია, რომ სხვა გზა არ ჩანს და გვინდა თუ არ გვინდა, უნდა შევთანხმდეთ. მაინც მგონია, რომ ჩემი კოლეგები გონს მოეგებიან, ერთი ნაბიჯით მაინც დაიხევენ უკან და მერე გამოჩნდება დიალოგის გზები“. – ამბობს ხვიჩია „ფორტუნასთან“ საუბარში.