ანალიტიკოსი რუსუდან თევზაძე ევროსაბჭოს სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებებს აფასებს, რომელშიც ოპოზიცია და ხელისუფლება იღებს მონაწილეობას.
მისი განცხადებით, მოლაპარაკებებს ართულებს ის ფაქტი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის მიზანი არასახელმწიფოებრივია. მისივე თქმით, მათ არ აწყობთ პლებისციტი.
რუსუდან თევზაძის განმარტებით, ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას რადიკალიზმით გაჯერებულ ულტიმატუმებს უყენებენ, რომლებშიც ორი კომპონენტი: ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, ასევე ვადამდელი არჩევნების ჩატარება იკვეთება.
“მე ვფიქრობ, რომ სიტუაცია გართულებულია. პირველი უბედურება ის არის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან სხვადასხვა პარტიები, მაგრამ ჩემთვის ისინი ერთი დე ფაქტო პარტიის ქოლგის ქვეშ მოიაზრებიან. როდესაც პარტიის გენერალური მიზანი არასახელმწიფოებრივია იქ რთულდება მოლაპარაკება და საერთოდ მოლაპარაკებაზე საუბარიც კი ზედმეტია. “ნაციონალურ მოძრაობას” არცერთ შემთხვევაში არ აწყობს პლებისციტი, კითხვაა დარჩენილი, რომელსაც მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს რა სურს მათ. სურს თუ არა ვადამდელი არჩევნები, მაგრამ ესეც არ ჯდება ჩემთვის ლოგიკაში იმიტომ, რომ არჩევნები, რომელიც საქართველოში ჩატარდა, ამერიკიდან დაწყებული ევროპით დამთავრებული, ორივე მხარემ, ცალკეულმა ექსპერტებმა თუ ორგანიზაციებმა აღიარეს, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური და ყველა პარტიის ელექტორატს მიეცა თავისუფალი არჩევანის საშუალება და ისინი შევიდნენ პარლამენტში.
რომელი პარტიებიც პარლამენტში არ შედიან, ისინი გარკვეული ტიპის ულტიმატუმს აყენებენ, რომელიც რადიკალიზმით არის გაჯერებული. ულტიმატუმის ორი კომპონენტი იკვეთება. ეს არის პოლიტპატიმრები და ვადამდელი არჩევნები. ცოტა არ იყოს ღიმილის მომგვრელია რომელ პოლიტპატიმრებზეა საუბარი? რა თქმა უნდა სამართლებრივ სიღრმეებში მე არ ჩავალ და რურუას თემას არ განვიხილავ, მაგრამ ზედაპირზეა ნიკა მელიას საკითხი. ის როგორ არის პოლიტპატიმარი, როცა ჯარიმის გადახდის შემთხვევაში ის თავისუფლდება საპატიმრო დაწესებულებიდან.
თუ ცოტა ემოციური, მორალური და სხვა რაკურსით შევხედავთ ამ თემას, მივცემ თავს უფლებას ვთქვა, რომ როგორ შეიძლება მელიას და რურუას ვუწოდოთ პოლიტპატიმარი. ჩვენი პოლიტიკური ლექსიკა უნდა გაიფილტროს და ჯეროვანი და რელევანტური უნდა გახდეს. არ შეიძლება მათ ვუწოდოთ პოლიტპატიმრები, როდესაც გავლილი გვაქვს 90-იანი წლები და ძალიან კარგად ვიცით, რა ღირებულებების იყვნენ ის ადამიანები, რომელთაც მართლაც შეიძლება პოლიტპატიმარი ეწოდოს. ვგულისხმობ კოსტავას და გამსახურდიას”, – აცხადებს რუსუდან თევზაძე.
კითხვაზე, გაქვთ თუ არა მოლოდინი იმისა, რომ დანიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებს ითვალისწინებდეს? იგულისხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო სისტემის ცვლილება და ვადამდელი არჩევნების ჩატარება. თქვენი აზრით თუ დოკუმენტში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნა იყო გაჟღერებული, უნდა დათანხმდეს თუ არა მმართველი გუნდი წარმოდგენილ წინადადებებს? – რუსუდან თევზაძე აცხადებს:
“ჩემი აზრით, არ მგონია, რომ ეს იყოს დასათანხმებელი თემა. დიდხანს ფიქრობს მედიატორი მხარე, რადგან მათ სურთ, რომ ჩვენთან ეს საკითხები უმტკივნეულოდ გადაწყდეს და მოგვარდეს. რაც არ უნდა მხარს გვიჭირდეს ევროპა და ამერიკა, შეუძლებელია ჩვენზე მეტად უნდოდეთ პრობლემების მოგვარება. მე ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება გონივრული ნაბიჯი მმართველი ხელისუფლების მხრიდან“, – აცხადებს რუსუდან თევზაძე გადაცემაში “დღის თემა”.