ინდოეთში, გასული დღის განმავლობაში კორონავირუსს 3 286 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა.
ქვეყანაში მნიშვნელოვნად მატულობს ინფიცირების შემთხვევები. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში ინდოეთში 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.
მედიის ინფორმაციით, დედაქალაქ დელიში არსებულ კრემატორიუმები გადატვირთულია და დაღუპულების ოჯახების წევრებსა და ახლობლებს საათობით უწევთ ლოდინი.
ყველაზე მეტად დედაქალაქი დელი და მაჰარაშტად შტატია დაზარალებული.
ბოლო 24 საათში დელიში 381 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც BBC წერს, გარდაცვლილების ახლობლებს კოცონისთვის საჭირო შეშის მიტანასაც სთხოვენ.
გადატვირთული მუშაობის გამო, დელიში კრემატორიუმები იძულებულები არიან, სახელდახელოდ მოაწყონ ფართები კოცონებისთვის, სადაც გარდაცვლილებს წვავენ. კრემატორიუმები დედაქალაქში 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ.
უკვე ინდოეთშია დიდი ბრიტანეთიდან გაგზავნილი დახმარება, ქვეყანას სამედიცინო რესურსებს უგზავნის საფრანგეთი, ირლანდია, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.
აშშ-ის პრეზიდენტი აპირებს, ინდოეთში ვაქცინები გაგზავნოს – ჯო ბაიდენის თქმით, უკვე ესაუბრა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ნარენდრა მოდის, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის და რა რაოდენობის ვაქცინას გაგზავნის. მანამდე კი, ბაიდენის თქმით, აშშ-სგან ინდოეთი ანტივირუსულ მედიკამენტებს მიიღებს.