LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის მინიმალური ვადა შემცირდება

68
შსს დაკავება

“ქართული ოცნების“ უმრავლესობის გადაწყვეტილებით, წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის მინიმალური ვადა შემცირდება”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

უფრო კონკრეტულად, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტით, კოდექსის 166-ე მუხლს მე-2 ნაწილი ემატება, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მოხდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის კორექტირება – ადმინისტრაციული პატიმრობის მინიმალური ვადა, შვიდი დღის ნაცვლად, ხუთი დღე იქნება.

ამავე პროექტით, ახალი რედაქციით ყალიბდება, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა – სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

ოხანაშვილის განაცხადებით, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობა 7-დღიდან 15 დღემდე იქნება. კანონპროექტს პარლამენტი, მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით იხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g