„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და მისი შესაძლო მერობის კანდიდატობაზე საუბრისას განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, თუ ეს არ იქნება კამპანია, რომელმაც შედეგი უნდა მოიტანოს.
როგორც მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ამ არჩევნებზე ოპოზიციის გაერთიანება უალტერნატივოა და დაქსაქსულობა შედეგის მომტანი ვერ იქნება.
„თუ ეს იქნება კამპანია – კამპანიისთვის, ეს შედეგს ვერანაირად ვერ მოიტანს. საზოგადოების არცერთი ნაწილი არ მოვატყუოთ, რომ მჭიდრო კოორდინაციის გარეშე შესაძლებელია მივაღწიოთ შედეგს არჩევნებში, რომელიც თვისობრივად განსხვავდება რეალური საპარლამენტო არჩევნებისგან.
ჩვენ ჯერ არ მოგვიპოვებია პროპორციული არჩევნები, სადაც მართლაც თითოეული ხმა მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ ერთმანეთს ვეპაექროთ. ეს ყველაფერი ჯერ მოსაპოვებელია.
თუკი ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით და ძალთა გაერთიანება მოხერხდა, დღეს ასევე ვერ ვხედავ სხვა ალტერნატივას. რაც არ უნდა ისაუბრონ ჩვენმა მეგობრებმა, რომ დაქსაქსულობა იქნება შედეგის მომტანი, მე ვეცდები დავარწმუნო, რომ ეს ასე არ იქნება.
მას შემდეგ, რაც ამოვწურავ კონსულტაციებს, გულწრფელი ვიქნები საზოგადოებასთან და მოვუწოდებ ამ არჩევნებში ბოლომდე ჩართულობისკენ, ან არ მივაყენებ შეურაცხყოფას და თუ ოპოზიციური სპექტრი არ არის მზად, რომ გამარჯვებულა მოიპოვოს ამ არჩევნებში, ის უნდა ვუთხრათ, რომ ვეგუებით 2024 წლამდე ბიძინა ივანიშვილს“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
მელიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოება საუთარ გადაწყვეტილებას ერთ კვირაში გააჟღერებს.
„რამდენჯერაც არ უნდა დამისვათ კითხვა მოვაწერთ თუ არა დოკუმენტს ხელს, ეს კითხვა ჯერჯერობით არის სამართლიანად პასუხგაუცემელი და ასე ხელაღებით არასერიოზულია საუბარი იმ დოკუმენტზე, რომელიც ძალიან ნაკლოვანიც არის და ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ყველას მხრიდან“ . – აღნიშნა მელიამ.
მისივე თქმით, დღეს დაიწყება კონსულტაციები და მიიღებენ ერთიან გადაწყვეტილებას, რასაც შეუთანხმებს სხვა პარტიების თავმჯდომარეებს.
„იქნება პირველი მოთელვითი კონსულტაციები. არც ერთი წუთის დაკარგვა აღარ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ვართ შეზღუდულები „კომენდანტის საათიდან“ გამომდინარე, ერთი წუთის დაკარგვაც არ მინდა.
„საბოლოო ჯამში კონსენსუსის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც იქნება. მაღალი ალბათობით ჩატარდება კენჭისყრა და ეს გამოავლენს იმ პოზიციას, რომელსაც ვემხრობით“. – აღნიშნა მელიამ.
შეგახსენებთ, ორთვიანი პატიმრობის შემდეგ ნიკა მელიამ 10 მაისს რუსთავის პენიტენციური დაწესებულება დატოვა.