სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.7 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ტოპ სამეული ასეთია: თურქეთი (1 589.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 183.7 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (939.5 მლნ. აშშ დოლარი).
გარდა ამისა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წელს, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 419.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15.4 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 306.9 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 11.3 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 234.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8.6 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წელს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 696.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 474.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 5.9 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობის აირების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 350.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.4 პროცენტი).
საქსტატის ცნობითვე, ჯამში 2017 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 707.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13.8 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2 728.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (29.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 979.4 მლნ. აშშ დოლარს (9.4 პროცენტით მეტი).
