საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან 10 თვეში ევროკომისიამ შეჩერების მექანიზმი განიხილა. საქართველოს და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლას საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება.
შეხვედრამდე გავრცელდა ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდით უკმაყოფილოა და შეჩერების მექანიზმის განხილვაც სწორედ ამას უკავშირდება.
აღნიშნული უარყვეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლმა და განაცხადეს, რომ შეხვედრა გეგმიურია. თუმცა, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის პირველ დასკნაში საქართველოს მიმართ გამოთქმულ შენიშვნებში, ორგანიზებულ დანაშაულში საქართველოს მოქალაქეების ჩართულობის პრობლემასთან ერთად, თავშესაფრის მაძიებელთა საკითხიც მოხვდა.
რასთან არის დაკავშირებული ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან მოკლე ხანში შეჩერების მექანიზმის განხილვა და რამდენად შეიძლება, დადგეს საქართველო ამ საფრთხის წინაშე უახლოეს მომავალში, ამ საკითხებზე “ფორტუნა” ექსპერტ კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.
- პირველ რიგში, გვაინტერესებს, როგორც ხდება შეჩერების მექანიზმის განხილვა, ეს არის გეგმიური, თუ გარკვეული ტენდენციების გამოკვეთის შედეგად განიხილავენ ამას?
კახა გოგოლაშვილი: გეგმიური არ არის, რა თქმა უნდა, გარკვეული ტენდენციების გამოვლენის შემთხვევაში განიხილავენ ამას, ან რომელიმე ქვეყნიდან უნდა იყოს შენიშვნა, ან ევროკომისიის წინადადება უნდა არსებობდეს ამაზე, მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავს ევროკავშირის საბჭო ამ საკითხს. აქ რაიმე დაგეგმილი არასდროს არაა, რომ ამ დროს განვიხილოთ, შევუჩეროთ თუ არა ამა თუ იმ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია.
- ევროკომისიის საბჭოს დასკვნაში მითითებული იყო, რომ ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევები განსაკუთრებით გამოიკვეთა საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში. ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამ ქვეყნებმა გამოთქვეს უკმაყოფილება? ამ ჭრილში, რამდენად მნიშვნელოვანია, ასევე, აღნიშნულ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების შეფასება და თანამშრომლობის გაღრმავება?
კახა გოგოლაშვილი: სრულიად შესაძლებელია. ამაზე მსჯელობა დარწმუნებით ძნელია, მაგრამ ფაქტია, რომ გარკვეული უკმაყოფილება იქნებოდა იმ ქვეყნებიდან, რომელიც ჩამოთვლილია და საკითხი იქნა განხილული მათი მოთხოვნით. ამიტომ ეს საკითხი კონტროლზე იქნება აყვანილი და მიადევნებენ თვალს იმას, რთულდება საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით სიტუაცია, თუ რაიმე ზომას მიიღებს მთავრობა, რომ არ მოხდეს სიტუაციის გადაზრდა უკონტროლო სიტუაციაში.
- ვიზალიბერალიზაციის მიღების პერიოდში აქტიურად კეთდებოდა განცხადებები, თუ რა წესები უნდა დაეცვათ საქართველოს მოქალაქეებს ამ ქვეყნებში მოგზაურობის დროს, იყო ერთგვარი კამპანია. რამდენად შედეგიანი იყო ეს და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ დაემუქროს?
კახა გოგოლაშვილი: აქ საუბარია იმაზე, რომ მთავრობამ მარტო ამ მიმართულებით კი არა, მთლიანად ქვეყანაში უნდა გააუმჯობესოს მდგომარეობა იმისათვის, რომ შემცირდეს მოქალაქეათა უცხოეთში დარჩენის მოტივაცია და სურვილი, ეძებონ იქ რაიმე სახის სამუშაო. თავად სამართალდამცავი ორგანოების უკეთ მუშაობაა საჭირო, რომ არ მოხდეს ისეთი ელემენტების გადინება ევროკავშირის ქვეყნებში, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ. მნიშნელოვანია ინფორმაციის დროულად მიწოდება ევროკავშირის ქვეყნებისთვის, რომ მათ ჰქონდეთ წინასწარი ინფორმაცია, თუ რომელი მოქალაქე შეიძლება წარმოადგენდეს საფრთხეს და ა.შ.
ბევრი გზაა იმისთვის, რომ ამ ქვეყნებთან თანამშრომლობა უკეთ გაიშალოს. რა თქმა უნდა, ამით შესაძლებელია ამ საფრთხის თავიდან აცილება, რომ რომელიმე სახელმწიფომ მოითხოვოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება.
- რაზე მიუთითებს ის ტენდენცია, რაც გამოიკვეთა ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან მოკლე ხანში და რაზეც საუბარია ევროკომისიის დასკვნაში, რა მიმართულებით შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს?
კახა გოგოლაშვილი: მემგონი, ეს არ მოხდება (უვიზო მიმოსვლის შეჩერება). ის ტენდენცია, რაც გამოიკვეთა და, რომელიც შეეხება განსაკუთრებით თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობის ზრდას და არალეგალურად დარჩენილთა რაოდენობას, გასათვალისწინებელია, რომ ეს იყო პირველი ნაკადი, რომელიც ელოდებოდა ასეთ შესაძლებლობას და ის გამოიყენეს.
მომავალში მოქალაქეთა რაოდენობა, რომელიც იქ დარჩენას დააპირებს, შემცირდება, თუ, რა თქმა უნდა, საქართველოში არ მოხდა ეკონომიკური ან პოლიტიკური ფაქტორების გამწვავება. თუ გაუმჯობესებისკენ წავიდა პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო, რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია კლებისკენ წავა.
თაკო ივანიაძე