,,პროფილი” 13 წლისაა. ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ქართული სატელევიზიო გადაცემა წლებია, ტელეეკრანებთან ათი ათასობით მაყურებელს უყრის თავს. „პროფილის“ გვერდზე მაია ასათიანის წიგნიდან „სიცოცხლე 25-ჯერ წამში“ ამონარიდი ქვეყნდება, სადაც ის „პროფილის“ წარმატების შესახებ საუბრობს.
,,ერთი წლის შემდეგ ,,პროფილი” წლის ყველაზე რეიტინგული გადაცემა გახდა. გადაცემის პირველ წლებში ხუთშაბათს, საღამოს ათზე საქართველოს ქალაქებში მოძრაობა ჩერდებოდა. ამ დროს ჩართული ტელევიზორების 84 პროცენტი ჩემს თოქშოუს უყურებდა. ,,პროფილი“ იყო ყველგან: ყოფაში, მოდაში, ანეკდოტებში, ჭირში და ლხინში – მღეროდნენ ისე, როგორც ,,პროფილში“, ცეკვავდნენ ისე, როგორც ,,პროფილში“, ხუმრობდნენ ისე, როგორც ,,პროფილში“ და ტიროდნენ პროფილურად. ცხრა წლის განმავლობაში გადაცემა ქართული სატელევიზიო სივრცის რეკორდსმენი იყო. მუდმივი მაყურებლის ყველაზე მაღალი რიცხვით. ნახევარ ქვეყანას ვძულდი ,,პროფილის“ გამო და მეორე ნახევარს ვუყვარდი იმავე მიზეზით. სიყვარულიცა და სიძულვილიც უკიდეგანო იყო, ზღვარზე – ისე, როგორც მხოლოდ ქართველებს შეუძლია. მე კი ჰამბურგერს ვაკეთებდი – გადაცემას ყველასთვის”.