მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლის შესაძლებლობა ადრე ჰქონდათ.მისივე განმარტებით, აპარატის წარმომადგენლები მხოლოდ ორი თვის წინ არ შეუშვეს, რასაც გარკვეული საფუძველი ჰქონდა. კერძოდ, მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, როგორც აქვს ინფორმაცია, ბავშვების მიმართ უხერხული კითხვები ისმებოდა.
ამასთან, მეუფე ნიკოლოზი აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის აპარატის წევრების პანსიონში არ შეშვებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებებიდან არავინ გამოხმაურებიათ.
„სახალხო დამცველის აპარატის წევრები არ შეუშვეს ორი თვის წინ, თორემ ადრე შედიოდნენ პანსიონში. მის მიმართ გაჩენილი ეჭვები არის არ შეშვების საფუძველი. რამდენადაც მეუფე სპირიდონიდან ვიცი, უხერხული შეკითხვები დაუსვეს ბავშვებს. ჩვენ ვამბობთ იმას, რომ არ უნდა იყოს სახალხო დამცველის უფლებები შეუზღუდავი და განუსაზღვრელი.ჩვენ შეგვაქვს ეჭვი მათ კეთილგანწყობასა და მათ მიერ ჩადენილი ქმედების ლეგიტიმურობაში. ჩვენ გვინდა, გავარკვიოთ, ვინ არის სახალხო დამცველის ზედამხედველი ორგანო, რომ ჩვენი პრეტენზიები წავაყენოთ და შევთანხმდეთ საკითხებზე. ჩვენ არ შევუშვით და რატომ არ აღასრულეს მისი ეს უფლება, თუ ეს ასეა. პარლამენტმა რეაგირება ხომ უნდა მოახდინოს ამაზე, არ შეიძლება, ვიღაცამ დაგვისვას შეკითხვა, რატომ არ ვუშვებთ, შეგვეკითხონ ეს იმათმა, ვისაც აქვს ამის დასმის უფლება“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
მისივე განმარტებით, მეუფე სპირიდონთან ბოლო ორი დღის განმავლობაში არ უსაუბრია.
„განვილილი ორი დღის განმავლობაში არ მინახავს, რადგან გამორთული აქვს ტელეფონი, ვერ დავუკავშირდი. რა თქმა უნდა, მინდოდა საუბარი. მანამდე ვესაუბრე, თუმცა მაშინ არ იყო ასეთი ამბავი ატეხილი. რაც ეს ამბავი ატყდა, ვერ დავუკავშირდი, თუმცა მგონია, რომ ძალიან მალე გაირკვევა.
ჩვენ აუცილებლად შევუშვებთ სახალხო დამცველს, მაგრამ წინასწარ უნდა მოვილაპარაკოთ პროცედურაზე. ჩვენ მის საქმიანობაში არ ვერევით, მაგრამ მხოლოდ სახალხო დამცველზეა ლაპარაკი და არავითარ შემთხვევაში მის აპარატზე, რომელიც არის დეპერსონალიზირებული და ხან ერთი გამოდის, ხან მეორე და რას აპირებენ, კაცმა არ იცის, ეჭვია მათ მიმართ, რომ არაკეთილსინდისიერად იქცევიან. სახალხო დამცველს შევხვდები და ძალიან ვეცდები, რომ პირადად შევიყვანო“, – მეუფე ნიკოლოზის აღნიშნულ კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც თქვა, რომ 2016-2021 წლებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის, 3 სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, ხოლო ერთი – სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე.
ამავე თემაზე: