LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

23-ში ჩემი შვილის დაბადების დღეა, ან იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით, ან ასე აღარ გავჩერდებით – ზაზა გახელაძეს

116
nana bunturi

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის დედამ, ნანა ბუნტურმა განაცხადა, რომ  23-ში მისი შვილის დაბადების დღეს ოჯახი გეგმავს,  ან იქით მხარეს გადავიდეს, ან ჩაბარდნენ, მაგრამ ასე აღარ გაჩერდებიან.

ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ციცაგიანთკარში იმყოფებოდნენ, სადაც სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტის გახსნის ცერემონიალს ეუთო-ს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო დაესწრნენ.

ნანა ბუნტური კელი დეგნანს და ჰელგა მარია შმიდს შეხვდა და როგორც მან აღნიშნა, ისინი დაპირდნენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ უფრო გააქტიურდებიან.

„შევხვდით ამერიკის ელჩს, ეუთო-ს გენერალურ მდივანს. დაგვპირდნენ, რომ დღემდეც, ყველანაირად ვცდილობთ და კიდევ უფრო გავაქტიურდებითო. გვითხრეს, რომ ხვალ ერგნეთის შეხვედრაზეც იქნებინ და უფრო მწვავედ დააყენებენ ამ საკითხს.

 

ზაზა გახელაძის საქმე არის გულსატკენი მაგალითი, თუ რა როლს თამაშობს რუსეთი საქართველოში: აშშ-ს ელჩი

"რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება და შეცვალოს მიერ მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გადაწყვეტილება" - კელი დეგნანი.

 

ჩვენც ვიქნებით ხვალ ერგნეთის შეხვედრაზე. დაველოდებით, იქნებ ჩვენს სასიკეთოდ რამე გადაწყდეს.

პირველივე დღიდან ჩემი შვილის გათავისუფლებას ვითხოვ. სხვა სათხოვარი არაფერი არ გვაქვს.

23-ში ჩემი შვილის დბადების დღეა და ან იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით, ან ასე აღარ გავჩერდებით.

ირაკლი ღარიბაშვილი თვის ბოლომდე დაგვპირდა, მაგრამ მეორე თვის ნახევარია დღეს და შედეგი არაფერია“, – განაცხადა ბუნტურმა.

მისივე თქმით, თუ მისი შვილი არ გათავისუფლდება, საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

აღნიშნულს გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრი. თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალური კონსოლიდირებული ძალისხმევით იყენებს ყველა ბერკეტს, რათა მოგვარდეს უკანონო დაკავების აღნიშნული ფაქტები.

„ეს არის მიმდინარე პროცესი. ჩვენ გვაქვს საქმე საკმაოდ რთულ შემთხვევასთან. ჩვენ გვაქვს საქმე რუსულ ოკუპაციასთან, დესტრუქციულ მიდგომასთან.

გასულ წლებში ბევრად უფრო რთულ შემთვევებთან გვქონდა საქმე და დაგვიხსნია ჩვენი მოქალაქეები უკანონო პატიმრობიდან” , – განაცხადა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები