“რიგით პოლიციელებზე პრეტენზიები არასწორი და არასამართლიანია. ყველა პრეტენზია, რომელიც პოლიციის მიმართ ამ დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენების მართვასთან დაკავშირებით არსებობს, მიემართება უპირველესად პოლიციის ხელმძღვანელობას, მინისტრს და ხელისუფლებას.” – აცხადებს პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი და ამბობს, რომ ხელისუფლებამ გუშინ პოლიცია ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.
მეზვრიშვილის თქმით, თუ პოლიციამ არ გამოიყენა სათანადო ძალა, არ იყო ეფექტიანი და დროულად არ აღკვეთა ძალადობა, უპირველესად პასუხისმგებლობა უნდა აიღოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და მან კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.
“გუშინ ხელისუფლებამ პოლიცია ჩააყენა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. თუ პოლიციამ არ გამოიყენა სათანადო ძალა, არ იყო ეფექტიანი, დროულად არ აღკვეთა ძალადობა, უპირველესად პასუხისმგებლობა უნდა აიღოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, მოვიდეს და კითხვებს გასცეს პასუხი.
წინა დღეებში ძალადობა ჯერ დაუშვეს, პრევენცია არ მოახდინეს, შემდეგ გუშინ გამოვიდნენ და ომახიანად დაგმეს. ხელისუფლებას ხისტი გადაწყვეტილების მიღების არც გამბედაობა ეყო, არც კვალიფიკაცია და უნარი და მთელი ეს პასუხისმგებლობა გადაიტანა ხალხზე. ეს არის რეალობა. როდესაც ადამიანებს გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზების შესაძლებლობა არ ეძლევათ, ეს კანონის დარღვევაა.
თუ ხელისუფლებას უნდოდა, რომ ეს არ დაეშვა, შეეძლო კანონის დარღვევის პასუხისმგებლობა თავის თავზე აეღო და შემდეგ პოლიტიკური ფასი დასავლელ პარტნიორებთან გადაეხადა. ამის ნაცვლად, ხელისუფლებამ ხალხი ერთმანეთს დააპირისპირა, ახლა დგას გულხელდაკრეფილი და უყურებს, როგორ ესხმიან მოქალაქეები ერთმანეთს თავს. ეს ხელისუფლება ვერ არის ამ დაპირისპირების განმმუხტავი.” – თქვა მეზვრიშვილმა.
მან გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროც გაიხსენა და თქვა, რომ გახარიას ყოველთვის ჰქონდა გამბედაობა და უნარი, რომ თუ არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო, გამოსულიყო და ეს საზოგადოებისთვის ეთქვა, რაც უნდა მოსაწონი ყოფილიყო ეს, ან არ ყოფილიყო.