LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა იმერეთის აგროზონის განვითარების პროექტს იწყებს

94

საქართველოს მთავრობა იმერეთის აგროზონის განვითარების პროექტს იწყებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პროექტის მიზანია დაეხმაროს კერძო სექტორს მწვანილის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის იმ რაოდენობით და ხარისხით წარმოებაში, რაც ევროკავშირის ბაზარზე სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფს.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმერეთის აგროზონის პროექტი, რომელიც დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოაქვს. იგულისხმება იმერეთის რეგიონში სპეციალური აგროზონის შექმნა – დაახლოებით 100 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელებით. ეს იქნება იმერეთისთვის ტრადიციული დარგის – სასათბურე მეურნეობების განვითარება, ადგილობრივი მეწარმეებისთვის ხელშეწყობა იმ მოცულობის განვითარებაში, რომელიც ჩვენ გვჭირდება, რომ სტანდარტირებული, უნიფიცირებული ხარისხის მქონე ქართული პროდუქცია გავიტანოთ მაღალმოთხოვნად, მაღალი სტანდარტების მქონე ბაზრებზე, როგორიცაა ევროკავშირის ბაზარი და სხვა. ეს გულისხმობს როგორც სათბურების, ასევე, სამაცივრე, სასაწყობე მეურნეობების მშენებლობას“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოში კეთდება ორი ლოჯისტიკური ზონა: იმერეთში, კოპიტნარის აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოში, რუსთავთან ახლოს.

„იმერეთის აგროზონის და ლოჯისტიკური ცენტრის ერთობლიობა ძალიან მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს იმერეთის განვითარებას. ეს იქნება როგორც მეწარმეობის წახალისებისთვის, ასევე ადგილზე სოციალური სურათის მნიშვნელოვანი შეცვლისკენ გადადგმული ნაბიჯი. ასევე, ეს პროექტი მოიცავს კოპიტნარის აეროპორტში სასაწყობე მეურნეობის და სატვირთო ტერმინალის განვითარებასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ მთლიანად იმერეთისთვის და საქართველოსთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, „დღეს ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ევროკავშირის ბაზარზე მოთხოვნა რეალურად არსებობს, უბრალოდ საჭიროა დიდი რაოდენობით და მაღალი სტანდარტის პროდუქციის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა“.

„ამისთვის, დღეს არსებული კერძო სექტორი იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ხდება წარმოება, ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ, ჩვენ გვინდა დავეხმაროთ კერძო სექტორს და შევავსოთ როგორც მოცულობით, ასევე, დავაწესოთ მაღალი სტანდარტი, რომ იმერული პროდუქტი, კონკრეტულად მწვანილი და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი იმ რაოდენობით და ხარისხით იქნას წარმოებული, რაც საშუალებას მოგვცემს, ევროკავშირის ბაზარზე სტაბილური მიწოდება უზრუნველვყოთ“, -აღნიშნა კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g