LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში მთის ტურისტული პროდუქტების განვითარებაზე მუშაობა გაგრძელდება

429

2018 წელს, აჭარაში მთის ტურისტული პროდუქტების განვითარების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

აჭარის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მაღალმთიან აჭარაში ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირებასა და არსებულის განვითარებას გეგმავს.

შედეგად, მაღალმთიან აჭარას სამი ახალი მარკირებული ტურისტული მარშრუტი შეემატება, კერძოდ, ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის წრიული მარშრუტი; გოდერძი-მწვანე ტბა-შავი ტბა-დანისპარაულის წრიული მარშრუტი; ხულო-თაგო-სხალთის საფეხმავლო მარშრუტი.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მარშრუტზე განთავსდება ტურისტული დაფები და მანიშნებლები, მარშრუტში მოინიშნება ზედ არსებული ყველა ტურისტული ობიექტი, მათ შორის საოჯახო-სასტუმრო სახლები, თავშესაფრები და კვების ობიექტები. ასევე, მომზადდება ინდივიდუალური ტურისტული რუკები, რომელთა ნახვაც მოგზაურებს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში შეეძლებათ. გასული წლის მსგავსად, სააგენტო უკვე არსებული და ახალი ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით გეგმავს ინფოტურებს ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისთვის და გიდებისთვის მაღალმთიან აჭარაში.

სოფლის ტურიზმის მიმართულებით საერთაშორისო მიდგომების გაცნობის მიზნით წელსაც გაიმართება სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც ქართველებთან ერთად უცხოელი ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას. 

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ რეგიონის სტუმრებს აჭარაში ზღვასთან ერთად დახვდეთ მრავალფეროვანი მთის ტურისტული პროდუქტები. ეს იქნება ახალი და უკვე არსებული ტურისტული მარშრუტები მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით თუ ჩვენს მიერ დაგეგმილი საინტერესო ფესტივალები. ჩვენი მიზანია, ტურისტებისთვის აჭარის მაღალმთიანეთი იყოს საინტერესო ადგილი მოგზაურობისთვის, რათა მათ ზღვაზე დასვენების პარალელურად შეძლონ მოინხულონ ჩვენი ეროვნული პაკრები, ულამაზესი მთიანი აჭარა თავისი ბუნებითა და სტუმართმოყვარე ხალხით. შემოდგომა საიტერესო იქნება ფესტივალებით. ჩვენ წელსაც ვუმასპინძლებს გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალსა და სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“, რომლებიც ტრადიციულად სექტემბერსა და ოქტომბერში გაიმართება,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა, თინათინ ზოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g