LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვინ მოთვლის, ჩვენმა ამ „რა დროს ესაა“-მ რამდენი რამ გაუყენა მოუსავლეთში”

283

ისტორიკოსი ბუბა კუდავა სოციალურ ქსელში, თბილისის ძველ სასაფლაოებზე არსებულ ვითარებაზე წერს. მისი თქმით, დღისით, მზისით, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, დიდ და ცნობილ სასაფლაოებზე, წლების მანძილზე, უამრავი საფლავი ნადგურდება. როგორც ისტორიკოსი წერს, მორალური მხარის გარდა საკითხი კულტურული მემკვიდრეობის კუთხითაცაა საყურადღებო:

 

თბილისის ძველ სასაფლაოებზე ყოველწლიურად უამრავი საფლავი ნადგურდება.

ეტაპები ასეთია:

წლების განმავლობაში აკვირდებიან და ირჩევენ საფლავს, რომელსაც უკვე კარგა ხანია არავინ აკითხავს და არავინ უვლის.

შემდეგ განზრახ აზიანებენ სურათს, წარწერას, ქვას, ღობეს…

თუ საფლავს კვლავ არ მოაკითხეს და რეაქციაც არავის ჰქონდა, დაზიანების მასშტაბები უფრო და უფრო იზრდება.

შემდეგ მთელი საფლავის ტერიტორიაზე ნაგავს ყრიან და ასე ტოვებენ გარკვეული დროის მანძილზე.

შემდეგ ღობეს ურღვევენ და საფლავის ქვასაც ანადგურებენ.

აი, კიდევ თუ არავინ გააპროტესტა, საფლავის გაყიდვის დროც დგება…

და ეს ყველაფერი დღისით, მზისით, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, დიდ და ცნობილ სასაფლაოებზე, წლებისა და ათწლეულების მანძილზე..

გამოსავალი ალბათ ისაა, რომ ასეთ „უპატრონო“ საფლავებზე გარკვეული რეგულაციები არსებობდეს და საფლავის ხელმეორედ გამოყენება ასეთი ვანდალური გზით კი არ ხდებოდეს, არამედ ლეგალურად, სათანადო პროცედურებით, დასკვნებით, „ხანდაზმულობის ვადების“ დაცვით, დოკუმენტირებით…

მორალური მხარის გარდა საკითხი კულტურული მემკვიდრეობის კუთხითაცაა საყურადღებო: ასეთ საფლავთა დიდი ნაწილი ეპოქის დამახასიათებელი ძალიან საინტერესო ნიმუშებია, არცთუ იშვიათად კი სრულიად განსაკუთრებული ძეგლებია, თუგინდ ისტორიული, თუგინდ კულტურული თვალსაზრისით.

მავანი იფიქრებს, რა დროს საფლავები და საფლავის ქვებიაო…

ვინ მოთვლის, ჩვენმა ამ „რა დროს ესაა“-მ რამდენი რამ გაუყენა მოუსავლეთში.

ეს საფლავი 5 წლის წინ გადავიღე, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე. დაასრულეს ნეტავ თავისი „ბიზნეს-პროექტი“ საფლავთმაოხრებმა?…

. . . . . . . . . 
თბილისი. პეტრე-პავლეს სასაფლაო.
Tbilisi. Sts. Peter & Paul Cemetery.
2013.

 
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g