ქუთაისში დღეს კორონავირუსით ინფიცირებული 28 წლის ქალი გარდაიცვალა. ხათუნა გეთია კლინიკა „ბომონდში“ 30 ივლისს შეიყვანეს.
კლინიკის კლინიკური დირექტორის, მამია ყიფიანის განცხადებით, პაციენტს შესვლისთანავე სუნთქვის მწვავე უკმარისობა და 19 ქულიანი პნევმონია აღენიშნებოდა და ყველანაირი მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯვარში ცხოვრობდა.
“პირადში ვერავის გწერთ, მეგობრებო. ვცდილობ დავძლიო ეს საშინელება” – წერდა გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე, ფეისბუქზე ხათუნა გეთია.
ახლობლების თქმით, გარდაცვლილი პირველ შვილს ელოდებოდა.
„არ ვიცი რა უნდა ვთქვა ამ დროს შოკში ვართ და კიდე არ გვჯერა როგორ ელოდებოდი შენს ნანატრ პატარას როგორი ბედნიერი იყავი. თუმცა არ გაცადა ამ ვერაგმა დაავადებამ #კორონამ შენ ნანატრთან შეხვედა.
როგორ ელოდებოდი, რომ მალე ჩაიკრავდი გულში შენ ტკბილ ბაიას ჩვენი შვილები ხომ საუკეთესო მეგობრები უნდა ყოფილიყვნენ.
არცთუ ისე კარგად გიცნობდი, მაგრამ უზომოდ თბილი და კეთილი გოგო იყავი და ესე იქნება სულ. ღმერთმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი ხათუ“.- წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.
„ახალი გათხოვილი იყო და პირველ შვილს ელოდებოდა. ძალიან ენერგიული და ხალისიანი გოგო. არანაირი ქრონიკული დაავადებები არ ჰქონია, როგორც ვიცი. ჟანგბადის აპარატი დაგვიანებით მიუტანიათ, როგორც გავიგე” – ამბობს „ამბები.გე“-თან საუბარში გარდაცვლილის მეგობარი.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით 54 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის პერიოდში ეს დღიურად გარდაცვლილი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.