ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ავღანეთში „სიტუაცია უკიდურესად სერიოზული და არაპროგნოზირებადია“.
როგორც სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქაბული დაეცა და თალიბანმა კონტროლი აიღო ქვეყნის ტერიტორიის ძირითად ნაწილზე.
მისივე თქმით, თალიბანმა პატივი უნდა სცეს და ხელი შეუწყოს ყველა მათგანის უსაფრთხო გამგზავრებას, ვისაც წასვლის სურვილი აქვს.
სტოლტენბერგის თქმით, ავღანეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია თალიბანს და ვერ მაღწია პრობლემის მშვიდობიან გადაწყვეტას, რაც ავღანელებს ძალიან სურდათ.
„ავღანეთის ხელმძღვანელობის ამ წარუმატებლობამ გამოიწვია ის ტრაგედია, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ. ამასთან, საჭიროა ნატოს ავღანეთში ჩართულობის გულწრფელი, ცხადი შეფასება. მიუხედავად ჩვენი მნიშვნელოვანი ინვესტიციისა და მსხვერპლისა ოცი განმავლობაში, კოლაფსი სწრაფი და მოულოდნელი იყო. აქ ბევრი გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ“, – განაცხადა მან.
სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო-ს მისიას ავღანეთში წარმატებებიც ჰქონდა, მათ შორის ხელი შეუშალეს ქვეყნის ტერორისტების უსაფრთხო თავშესაფრად ქცევას.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სტაბილური და მშვიდობიანი ავღანეთის მხარდაჭერა“, – დასძინა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
