“მმართველი პარტიის წევრების ვიზიტები ტაძრებსა და სამლოცველოებში არჩევნების დანიშვნის დღიდან განსაკუთრებით ინტენსიური გახდა, რაც შეიძლება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდებოდეს.” – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) განცხადებას ავრცელებს და საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს, წინასაარჩევნო კამპანიაში რელიგიით მანიპულირებისგან თავი შეიკავონ.
? დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ საარჩევნო სუბიექტების მხრიდან რელიგიური ორგანიზაციებისა და კონკრეტულ სასულიერო პირთა გავლენების გამოყენების მცდელობა, მანკიერ პრაქტიკას წარმოადგენს და არჩევნების შედეგებზე უარყოფითად აისახება.
განცხადების ავტორები გავრცელებულ მიმართვაში კონკრეტულ ფაქტებს ასახელებენ და აცხადებენ, რომ “ეს ფაქტები ადასტურებს – ეკლესიის ავტორიტეტის და კონკრეტულ სასულიერო პირთა ინსტრუმენტად გამოყენებით, პარტია “ქართული ოცნება” შესაძლებელია ამომრჩევლის ნაწილის მიმხრობას ცდილობდეს, რაც აფერხებს ჯანსაღ კონკურენციას და საფრთხეს უქმნის არჩევნების კონსტიტუციით გათვალისწინებულ საარჩევნო პრინციპების დაცვით ჩატარებას”.
როგორც DRI-ში აცხადებენ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ერთად, ტაძრებსა და სამლოცველოებს ხშირად სტუმრობს:
“არჩევნების დანიშვნის დღიდან, ირაკლი ღარიბაშვილი თანაპარტიელებთან ერთად სასულიერო პირებს ექვსჯერ შეხვდა:
► 19 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთის წმინდა ნიკოლოზის ტაძარს ეწვია და შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებს ფერისცვალება მიულოცა. ტაძარში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე;
► 26 აგვისტოს პრემიერ-მინისტრი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან და სასულიერო პირებთან ერთად ჩხოროწყუში იმყოფებოდა და წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მშენებარე ტაძარი მოინახულა;
► 27 აგვისტოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხახუბიასთან და ადგილობრივ სასულიერო პირებთან ერთად, ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი და წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა. ამავე დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილს ეწვია;
►პირველ სექტემბერს, პრემიერ-მინისტრი ხონისა და სამტრედიის ეპარქიის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში, სამტრედიის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა. ამავე დღეს, საქართველოს მთავრობის ფეისბუქ გვერდის მიხედვით, მთავრობის მეთაურმა ვანის საკათედრო ტაძარი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონთან ერთად “მოილოცა.” – აცხადებენ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში.
DRI ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის რეაბილიტაციისა და წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის (ვიზიტის დრო: 27 აგვისტო) მშენებლობა ფონდმა “ქართუ” 13 მილიონი ლარით დააფინანსა, რასთან დაკავშირებითაც ადგილზე ხობის მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს.