კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ პლატფორმა „ალტ-ინფოს“ მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობის უფლება მისცა. გადაწყვეტილება კომისიის სხდომაზე მიიღეს.
„ალტ-ინფო“ საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობას 15 სექტემბრიდან შეძლებს, როგორც ფასიანი პაკეტების საშუალებით, ისე უფასო სიგნალით.
აღსანიშნავია, რომ „ალტ-ინფოს“ პლატფორმიდან ქსენოფობიური, ჰომოფობიური, დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილები ვრცელდება.
რამდენიმე დღის წინ კი, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი წამყვანზე, ზურაბ მახარაძეზე სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს.
სახალხო დამცველის განცხადებით, დევნის დაწყების მოთხოვნას საფუძვლად დაედო ვიდეომასალები, რომლითაც დასტურდება, რომ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებამდე, „ალტ-ინფოს“ ეთერით ზურაბ მახარაძე და სხვები ძალადობას „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებაში მონაწილე პირთა და ჟურნალისტთა მიმართ განუწყვეტლივ აანონსებდნენ.
შეგახსენებთ, რომ მისი დამფუძნებლები და წამყვანები 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები და ორგანიზატორები იყვნენ. ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებს.