მარიამ მეტრეველი სოციალურ ქსელში ოჯახური ტრაგედიის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ დედაც და მამაც კოვიდინფექციას შეეწირნენ. მის ემოციურ სტატუსს გთავაზობთ:
„გულწრფელი ვიქნები, რომ სულ მიკვირდა დიდი ტრაგედიის დროს სოციალურ სივრცეში წერის დროს როგორ პოულობენ-მეთქი… მაგრამ ეიფორიის შემდეგ პირველი რაც გამახსენდა, იყო რომ ჩემი უბედურება გამეზიარებინა, მხოლოდ ნუგეშისთვის…
ჩემს 27-ე დაბადების დღეზე დაიწყო ჩემი უდიდესი ტრაგედია, 5 დღე იყო მდორე, შემდეგ დაიწყო ჯოჯოხეთი… პირველი იყო მამა, უმწეო, საოცრად ტკივილიანი დღეები, უჟანგბადობისგან გალურჯებული ტუჩები და შემდეგ სასწრაფოს ხმაური… მეორე დღეს ვითხოვე შველა, დედასაც მინდოდა დავხმარებოდი, იმ იმედით, რომ ის ამერდებინა მამას მდგომარეობას, ჩვენ ბოლომდე არავინ ვიცით, რა ვერაგია კოვიდი და აქედან გამომდინარე, მეგონა, ორივეს ვუშველიდი…
შემდეგ დაიწყო თეთრი ღამეები, უკიდურესი ნერვიულობა, ენით აღუწერელი, საზარელი წვალება, ოთხ კედელში გამოკეტილი, მეც კოვიდიანი ვიბრძოდი შორიდან და თურმე ვერც ვაცნობიერებდი როგორ ნელ-ნელა უჭირდათ ორივეს სუნთქვა… არც ერთი არ მანერვიულებდა, ჩემ ხმას რომ იგებდნენ, მატყუებდნენ ,რომ კარგად იყვნენ, მაგრამ შიში მკლავდა…
ოთხშაბათი რომ გათენდა, დედამ დამირეკა, შველას მთხოვდა, ისე იყო დაუძლურებული, რომ დედის ამ მდგომარეობამ მიწა გამომაცალა, ველაპარაკე, ვევედრე, მივდიოდი, მივდიოდი და ვწერდი, არ ვფიქრობდი, ვევედრებოდი რომ არ მივეტოვებინე, ვევედრებოდი, ამასობაში მამას ტელეფონიც გაითიშა.
მიმღებში ვითხოვდი შველას, დედ-მამის ნახვას, მაგრამ არ შემიშვეს, ერთი კეთილშობილი გოგო მომიჩინეს, რომელიც იყო ჩემი ინფორმატორი, მერიდებოდა, მაგრამ სულ ვურეკავდი, ავიკელი… ოთხშაბათ საღამოს, მომწერა… მამათქვენი სტაბილურად არის, მაგრამ დედათქვენი ისევ სიპაპზეა და ჯერ აპარატზე არ გადაუყვანიათო… დამპირდა, ხვალ გაჩვენებთ მშობლებსო, ალბათ შევეცოდე, უთხრეს, რომ უიმედო მდგომარეობა იყო. იმ ტექსტში იმედი არ იკითხებოდა.. მივხვდი, რომ დავიკარგე, მაგრამ გაუჩერებლად ვლოცულობდი, გაუჩერებლად, გაუჩერებლად!!!!!
ხუთშაბათი რომ გათენდა, დაგვირეკეს, მამათქვენი დამძიმდაო, უკვე მივდიოდი, რომ მივედი, მითხრეს, რომ გარდაიცვალა… მაშინ გავუგე ყველას ტკივილს, ვისაც მამა აღარ ჰყავს, გამომათრიეს და მორგთან ველოდებოდი მამას გაყინულ სხეულს და ვბღაოდი, როცა ალბათ, 20 წუთში ისევ დამირეკეს, ისევ დამირეკეს და მითხრეს, რომ დედაც გარდამეცვალა…
მაგ წუთას, მივხვდი რას ნიშნავს რომ კვდები, მაგრამ სხეულს ამოძრავებ, ჩემი ყმუილი გავაგონე ყველას… ყველაფერი დავკარგე, ყველაფერი გამომეცალა, 9 სექტემბრის მაგ საზარელ დილას 30 წუთში დავობლდი… შემდეგ არ მახსოვს არაფერი, მაგრამ ჩემი გასაჭირი დაუვიწყარია.
თქვენ მსჯელობთ, აიცრათ თუ არა, ბჭობთ გაურკვეველ სისულელეებზე…
შემომხედეთ! შემომხედეთ! ჩემმა ლოდინმა სამუდამოდ გამაუბედურა… ვერასდროს ვიპოვი შვებას, დავბერდი, დავბერდი.. ცოცხალ-მკვდარი დღეს ყველას თვალებში ვეძებდი შველას. ალბათ არასდროს გინატრიათ სიკვდილი, ისე რომ აცნობიერებდით თქვენს ნატვრას, მე გავაცნობიერე…
ვერაფრით გადმოგცემთ ჩემს მადლიერებას, ვინც ასე დამიდექით გვერდით, ყველაზე მეტად მორალური თანადგომა მჭირდებოდა, სხვა არაფერი მინდოდა და მინდა. ამ ტრაგედიამ ყველაფერი კიდევ უფრო მეტად დამანახა, თუ შევძლებ და ისევ ვიპოვი იმედს, რომელიც პირველად დავკარგე, მერე გეტყვით რომ ისევ ცოცხალი ვარ.