„არის საკითხები, რომლებსაც არანაირი პოლიტიკური ზრახვით არ უნდა შეეხო. სწორედ ასეთი წმინდა საკითხია შეიარაღებული ძალები,“ – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო-მიმართვას გამოეხმაურა, სადაც იგი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს განადგურებული, სუსტი საქართველო სურს, ჯარი კი არაფერში სჭირდება.
ელისაშვილის შეფასებით, სააკაშვილის განცხადება მავნებლობაა.
„ეს მავნებლობაა. არის საკითხები, რომლებიც წმინდა საკითხებია, რომელსაც არ უნდა შეეხო არანაირი პოლიტიკური ზრახვითა და პოლიტიკური სურვილით. ჩემთვის და ზოგადად, სახელმწიფოსთვის ასეთი წმინდა საკითხია თავდაცვის ძალები და შეიარაღებული ძალები.
არასდროს არავინ არ უნდა ცდილობდეს, პოლიტიკური გავლენები მოახდინოს ჯარისკაცებსა და ოფიცრებზე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, კონსტიტუციაშიც წერია, პოლიტიკის მიღმა მყოფი სტრუქტურაა.
ზოგადადაც, განცდითაც ეს არის საერთო ეროვნული სიამაყე და პოლიტიკურადაც ეს არის თემა, რომელსაც არ უნდა შეეხო. სააკაშვილს ხომ ასეთი თემები არ აქვს, წმინდა, საამაყო, ოღონდ მან თავისას მიაღწიოს და მზადაა, ყველაფერზე წავიდეს, ეს ამის დასტურია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.