LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მამუკა მდინარაძის განცხადებით, „მთავარი არხის“ ოპერატორი გადმოვარდნის შემდეგ გონზეა და გადაადგილდება

163
მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქარელში, რეგიონული ოფისიდან „მთავარი არხის“ ოპერატორის, ლევან აბლოთიას სავარაუდო გადმოგდების შესახებ ინფორმაცია მცდარია და ამას შტაბის მიმდებარედ დამონტაჟებული ვიდეო-კამერის მიერ გადაღებული კადრებიც მოწმობს.

აღნიშნული ვიდეო-მასალა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს წარუდგინა და თქვა, რომ კადრები „მთავარი არხის“ ოპერატორის სავარაუდო გადმოვარდნის შემდეგაა გადაღებული.

მდინარაძის თქმით, ამოღებული მასალა, ქარელში „ოცნების“ ოფისის მიმდებარე სათვალთვალო კამერებიდანაა და ასახავს, თუ როგორ გადაადგილდება ინციდენტის შემდეგ ლევან აბლოთია.

„ორი დღის წინ შალვა პაპუაშვილმა ჩაატარა ბრიფინგი, სადაც ის საუბრობდა „ნაციონალური მოძრაობის“, ე.წ. მედიასაშუალებების მიერ დეზინფორმაციის, ზიზღის ენის გავრცელებასა და მანიპულაციაზე.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკა გვარამიასა და მისი ტელევიზიის მიერ მოწყობილი შოუ მთლიანად შეიცავდა დეზინფორმაციას, ზიზღის ენას, მანიპულაციას. იყო მთელი ბუკეტი იმისა, რაზეც ორი დღის წინ ვისაუბრეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, „მთავარი არხის“ კამერა იღებდა იმ მომენტს, როდესაც ოპერატორი „მოაჯირს წამოედო“, თუმცა ტელეკომპანია აცხადებს, რომ ტექნიკა დაზიანდა და მასალა არ არსებობს.

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, ტელევიზია ამ კადრებს საზოგადოების მოტყუების მიზნით მალავს. მდინარაძემ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს მოუწოდა, პროვოკაციებს არ წამოეგონ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ოპერატორის, ლევან აბლოთიას განცხადებით, იგი გუშინ მმართველი პარტიის ქარელის რეგიონული ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. როგორც ტელევიზიაში განაცხადეს, შემთხვევის ამსახველი ვიდეო-მასალა ტექნიკის დაზიანების გამო არ არსებობს. გამოძიება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობით მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები