LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლება იქნება წამყვანი, ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური თემა, რადგან განათლების სისტემა დღეს შინაარსობრივად არეულია: გიორგი გახარია

72
გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებით, „განათლება იქნება წამყვანი, ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური თემა, რადგან განათლების სისტემა დღეს შინაარსობრივად არეულია“.

აღნიშნული განცხადება გახარიამ განათლების თემატურ საკითხზე მომუშავე ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომელთაც განათლების რეფორმის შესახებ პარტიის ხედვებზე ესაუბრა.

„განათლება იქნება წამყვანი, ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური თემა და ჯანდაცვა იქნება მეორე. რეალურად დღეს ქვეყანას სჭირდება სამი რამ: განათლება, ინსტიტუციონალური მოწყობა – რაც საერთოდ ძალიან ცუდ დღეშია და რა თქმა უნდა, სოციალური ნაწილი და ჯანდაცვის სისტემა. სისტემური, სტრუქტურული რეფორმებია, რომლებსაც დრო დასჭირდება.

ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირის შემდგომ განათლების სისტემის მწყობრი ხედვა ამ ქვეყანას არ ჰქონია. ნაწილ-ნაწილ რეფორმირების რაღაც მცდელობები იყო და საბოლოოდ, რაც გაკეთდა და რასაც დაერქვა განათლების სისტემის რეფორმა – არ ვარგოდა, იმიტომ რომ დღევანდელი ქვეყნისთვის მიუღწეველი მიზანი იყო. საქართველოს არ აქვს იმდენი რესურსი, რომ ერთბაშად დაიწყოს სკოლამდელი, საშუალო უმაღლესი განათლების და მეცნიერების სფეროს სრული რეფორმირება. ამას წარმოუდგენლად დიდი რესურსი და წარმოუდგენლად დიდი დრო სჭირდება მაშინ, როდესაც შენ შენი მოქალაქეებისათვის ელემენტარული საბაზისო მოთხოვნილებები, ვერც სოციალური და ვერც ინფრასტრუქტურული მოთხოვნილებები ვერ დაგიკმაყოფილებია“, – აცხადებს გახარია.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა განაცხადა, რომ განათლების სისტემის ეფექტური რეფორმირებისთვის მაშინ, როცა მოსახლეობის საბაზისო მოთხოვნილებების პრობლემა დგას, პრიორიტეტების სწორად გამოკვეთაა აუცილებელი.

„შენ ამ პირობებში როცა ოპერირებ, ერთბაშად დაიწყო მთლიანი განათლების სისტემის რეფორმირება – უპასუხისმგებლობაა, პრიორიტეტები როცა გაქვს დასალაგებელი, რა თქმა უნდა, ეს პრიორიტეტები პირველ რიგში საშუალო განათლებაა, რომელიც დღეს ფაქტობრივად მოშლილია და ეს უნდა ღიად ვთქვათ. ამიტომ, სრულად კონცენტრირებული უნდა ვიყოთ პირველ რიგში საშუალო განათლების რეფორმირებაზე. მე ასე ვფიქრობ და მინდა რომ ამაზე ვიმსჯელოთ“ – აცხადებს გახარია.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მნიშვნელოვნად ქართული უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ სისტემაზე მიბმას და ქართველი სტუდენტებისთვის ევროპის მოქალაქეების ანალოგიური პირობებით სარგებლობის მიღწევას მიიჩნევს, იმ პირობით რომ შემდგომ ისინი საქართველოში დაბრუნდებიან და ქვეყანას ემსახურებიან.

„უმაღლესი განათლების ნაწილში რისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ, და რაც გუშინ უნდა დაგვეწყო – ეს არის ევროპულ სივრცეზე დაერთება იმ პირობებით, რაც ევროპელებისთვის არის და შემდგომ სახელმწიფოს უნდა შეეძლოს, რომ საგანმანათლებლო სივრცე გაგვიხსნას, სახელწიფოს შეეძლოს ოჯახებს მიეხმაროს, რომ საუკეთესო ბავშვებმა მიიღონ საუკეთესო განათლება – ოღონდ იმ პირობით, რომ უკან დაბრუნდებიან რაღაც პერიოდის შემდეგ და სახელმწიფოს ემსახურებიან“ – განაცხადა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g