ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლოში დაკითხვას ითხოვს.
ადვოკატმა შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე დააყენა.
ამასთან, კონდახიშვილმა ღარიბაშვილის მიერ 17 სექტემბერს, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადების ახალი მტკიცებულიების სახით დართვის შუამდგომლობაც დააყენა.
„2021 წლის 17 სექტემბერს, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ინტერვიუ გავრცელდა. ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაცხადებული იქნა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც შეეხებოდა 20 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის უკანონო დარბევას, შს მინისტრის მიერ სპეცდანიშნულების რაზმების უკანონო გამოყენებას და უდანაშაულო ადამიანებზე ძალადობას.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაფიქსირებული იქნა პოზიცია, რომ 20 ივნისს შეუძლებელი იყო პარლამენტის შენობაში შეღწევა და შტურმი, სპეცდანიშნულების რაზმის გამოყენება და მათი უშუალოდ მომიტინგეებთან შემხებლობაში განთავსება მოხდა უკანონოდ, მიზნად ისახავდა პროვოკაციას და ხელი შეუწყო კონფლიქტის წარმოქმნას”,- განაცხადა კონდახიშვილმა.
წარმოდგენილ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ პრემიერ – მინისტრის მიერ გაჟღერებული განცხადება, არის შეფასებითი და რომ საჯარო პირების შეფასებები ნიკა მელიას ბრალდებასთან დაკავშირებით რელევანტური არ არის.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურის 3 მოწმეს დაკითხავენ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.