LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამახვანჰესის პროექტის გაჩერება მთავრობის დამსახურებაა…„თითოეული მოქალაქე საკუთარი ჯიბიდან აგებს პასუხს“: ლევან ალაფიშვილი ENKA-ს მიერ კონტრაქტის გაწყვეტაზე

438
ლევან ალაფიშვილი

კომპანია „ენკას“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება და თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართული დებატები – აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ანალიტიკოსმა ლევან ალაფიშვილმა ისაუბრა.

მისი განცხადებით, კომპანია „ენკას“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობა წყდება და ქვეყანასთან ხელშეკრულება უქმდება, მნიშვნელოვნად დააზიანებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, როგორც საშუალოვადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში.

ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ ასეთი „მეგა პროექტების“ გაჩერების გამო, „თითოეული მოქალაქე საკუთარი ჯიბიდან აგებს პასუხს“.

ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ნამახვანჰესის და ანაკლიის პროექტის გაჩერება მთავრობის დამსახურებაა, რაც გაზრდილ უმუშევრობაზეც აისახება.

ნამახვანჰესის, ისევე როგორც მანამდე, ანაკლიის ე.წ. მეგა პროექტების გაჩერება „მთავრობის დამსახურებით“, მნიშვნელოვნად დააზიანებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, როგორც საშუალოვადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. მოკლევადიან პერსპექტივაში კი გავლენას იქონიებს საბიუჯეტო საკითხებზე, იქნება ეს სოციალური მიმართულება, თუ დამატებითი შემოსავლების გენერირება. 

უარყოფით შედეგად შეგვიძლია განვიხილოთ დასაქმების საკითხები, გაზრდილი უმუშევრობა და ამ პროექტის შეჩერების გავლენა ამ მონაცემებზე, რადგან ასეთი მეგა პროექტები ძალიან ბევრი მიმართულებით ქმნის ახალ ადგილებს ინფრასტრუქტურული თუ სხვა მიმართულებით. შესაბამისად, ამ ყველაფრის გაჩერება მომავალი წლიდან უკვე დაგვანახებს იმ უარყოფით შედეგებს, რომელზეც თითოეული მოქალაქე საკუთარი ჯიბიდან აგებს პასუხს. როგორც ნამახვანჰესის, ასევე ანაკლიის კონსორციუმთან არსებული დავის მოგების შემთხვევაში პასუხისმგებელი არის ბიუჯეტი, რომელსაც ჩვენ მოქალაქეები ვავსებთ. ჩვენ თუ არ მოვთხოვეთ პასუხი მთავრობას, მოგვიწევს ის, რომ ჩვენ გადავიხადოთ ამდაგვარი პროექტების საბიუჯეტო ვალდებულებები.

ერთიანად თუ განვიხილავთ პროცესებს, რომლებიც ნამახვანჰესის გარშემო განვითარდა და რაც ხელშეკრულებაში წერია, მხედველობაში მაქვს სახელმწიფოს ვალდებულებები, რომც არ ეწეროს ეს, სახელმწიფო მაინც ვალდებულია დაიცვას საკუთრების, გადაადგილების უფლება. როდესაც ისინი ამას არ უზრუნველყოფენ, ბუნებრივია ისინი პასუხს აგებენ, როგორც საკუთარი მოქალაქეების შემთხვევაში, ასევე განსაკუთრებით ინვესტორების შემთხვევაში, რომლებთანაც არაერთი ხელშეკრულება ჰქონდა ნაკისრი სახელმწიფოს და რომლის შესასრულებლადაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში არაფერი არ გაკეთდა. ცოტა ხნის წინ პრემიერმაც განაცხადა, რომ „100-წლიანი პროექტი დამხვდა, თორე ასე აღარ გაგრძელდებაო“. ეს განცხადება დასტურია იმისა, რომ ხელისუფლების ინტერესი არ იყო პროექტის განხორციელება.  ეს ყველაფერი სამართლებრივ ფორმას მიიღებს, გადაითარგმნება არბიტრაჟის ჯერ განხილვაში, შემდგომ გადაწყვეტილებაში და არ ვფიქრობ,რომ სახელმწიფო იოლად გამოვიდეს ამ საკმაოდ ჩიხური სიტუაციიდან. ეს გავლენას იქონიებს არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამხოლოდ ქვეყნის გარეთ, რადგან საფონდო ბირჟაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, სხვა საინვესტიციო კომპანიებზეც იქონიებს გავლენას. მთავრობას უნდა გამოეჩინა მეტი გონიერება და ეს ჩიხური სიტუაცია არ უნდა შეექმნა, თან იმ ფონზე, როდესაც ურთიერთობები უკიდურესად გართულებულია ევროკავშირთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან, ევროკავშირს აგდებით ვუთხარით,რომ თქვენი  75 მილიონი აღარ გვინდა და საერთოდ არაფერს არ შევცვლითო, ფარული მოსმენების თემა, გაუარესებული დემოკრატიის ხარისხი, დაძაბულობა და ძალადობაზე დამყარებული ყოველდღიური ცხოვრება და პირველ რიგში პოლიტიკური, ბუნებრივია აზიანებს ქვეყნის დემოკრატიას და საინვესტიციო გარემოს“, – აცხადებს ანალიტიკოსი ლევან ალაფიშვილი.

მისივე განმარტებით, გუშინ თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართული დებატები იყო „დიაგნოზი თუ სად ვართ“. ალაფიშვილის თქმით, დებატების დროს პოლიტიკურ გემოვნებაზე და პოლიტიკურ იდეოლოგიებზე საუბარი არ ყოფილა.

„გუშინდელი თბილისის მერობის დებატების ფორმატი განსხვავებული იყო. კანდიდატების შეხვედრა იყო დიაგნოზი ,თუ სად ვართ. რაზე საუბრობდნენ ისინი, ჩვენ რაზე ვსაუბრობთ, რაზე ვფიქრობთ და როგორც ვაკეთებთ არჩევანს არჩევნების პერიოდში და თუნდაც ურნაზე.

იქ ვნახეთ ყველაფერი… არ მგონია, რომ პოლიტიკურ გემოვნებაზე და იდეოლოგიაზე უხვად საუბრები მოგვესმინოს. ეს არის ჩვენი პოლიტიკის, პოლიტიკური კულტურის მძიმე დიაგნოზი და აქედან ყველა ერთად უნდა გამოვიდეთ“,- აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

magti 5g