ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნა-არყოფნის საკითხს განიხილავენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
სააკაშვილის მიერ დღეს დილიდან გავრცელებულ ვიდეომიმართვებზე წერს Euronews, Al Jazeera, France 24, Deutsche Welle.
აღნიშნულ საკითხს უკვე აფასებენ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც. პრეზიდენტის პრესმდივანის, დიმიტრი პესკოვის თქმით, “სადაც სააკაშვილია, იქ არის ცირკი”:
“კრემლი ვერ ხედავს დესტაბილიზაციის რაიმე განსაკუთრებულ რისკს, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
სადაც სააკაშვილია, იქ არის ცირკი. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არ წარმოადგენს საფრთხეს ნებისმიერი იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სადაც ეს ადამიანია.” – თქვა პესკოვმა.
შეგახსენებთ, სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების შესახებ დღეს, დილით “ფეისბუქში” ჯერ დაწერა, შემდეგ ორი ვიდეომიმართვა გაავრცელა, ამის შემდეგ კი პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა, რომ 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან დაიძრან თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად. მისივე თქმით, ერთ-ერთ ასეთ კოლონას თავადაც შეუერთდება.