LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედამიწა თანდათან ბნელდება – რა მიზეზს ასახელებენ მეცნიერები

206
77

მეცნიერებს არაერთხელ უთქვამთ, რომ კლიმატის ცვლილებები მსოფლიოში ბევრ რამეს შეცვლის. ერთ-ერთ მიზეზზე უკვე ბევრი დაიწერა. ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ დედამიწა კლიმატის ცვლილების გამო, უფრო სწრაფად მოძრაობს.

ამჯერად კი მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დედამიწა თანდათან „ბნელდება“ .

მეცნიერები ამ შედეგს შემდეგნაირად ხსნიან – ოკეანე თბება, უფრო ნაკლებ კაშკაშა ღრუბლებს წარმოქმნის, რაც იმას ნიშნავს, რომ უკან, კოსმოსში უფრო ნაკლები სინათლე აირეკლება, რაც პლანეტას კიდევ უფრო ათბობს.

დედამიწის არეკვლის მაჩვენებელი, ანუ ალბედო მკვლევრებმა პლანეტის იმ სიკაშკაშის საფუძველზე გაზომეს, რომელიც მთვარეს ანათებს.

კვლევისათვის დაახლოებით ოცწლიანი მონაცემები გამოიყენეს, 1998-დან 2017 წლამდე შეგროვებული.

გაზომვებმა აჩვენა, რომ დედამიწა ახლა დაახლოებით ნახევარი ვატით ნაკლებ სინათლეს აირეკლავს ყოველ კვადრატულ მეტრზე, ვიდრე 1998 წელს, რაც პლანეტის არეკვლის მაჩვენებლის 0,5-პროცენტიან კლებას ნიშნავს. საერთო ჯამში, დედამიწა მასთან მოღწეული სინათლის დაახლოებით 30 პროცენტს აირეკლავს.

„ალბედოს კლება ჩვენთვის ნამდვილი მოულოდნელობა იყო, რაც მონაცემთა ანალიზისას, 17-წლიანი სტაბილური მაჩვენებლის შემდეგ, ბოლო სამი წლის მონაცემებში შევნიშნეთ“, – ამბობს ნიუ-ჯერსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფიზიკოსი ფილიპ გუდი.

დედამიწის სიკაშკაშე დამოკიდებულია როგორც მასთან მოღწეულ მზის სინათლეზე, ისე პლანეტის არეკვლისუნარიანობაზე. როგორც ამ კვლევამ აჩვენა, ეს ორი ფაქტორი ტანდემში არ არის და შესაბამისად, დედამიწაზე რაღაც იწვევს ჩაბნელებას, განსაკუთრებით კი ბოლო წლებში.

ჯგუფის მიერ შესწავლილი თანამგზავრული მონაცემები მიუთითებს, რომ წყნარი ოკეანის თავზე კაშკაშა, ამრეკლავი, ქვედა ღრუბლების შემცირება მთავარი დამნაშავეა დედამიწის სიკაშკაშის კლებაში, რაც მონაცემებში შენიშნეს.

და როგორც ჩანს, ეს კლიმატის ცვლილებასთან არის კავშირში. იმავე ზონაში, სადაც კაშკაშა ღრუბლების რაოდენობა იკლებს, მაღლა იწევს ოკეანის ზედაპირის ტემპერატურა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ არის კლიმატური მდგომარეობა, რომელსაც წყნარი ოკეანის დეკადურ რხევას უწოდებენ.

„დედამიწის ალბედო მისი კლიმატის უმთავრესი განმსაზღვრელია, რადგან ფართო გაგებით, კლიმატში ცვლილებები ჩნდება მზის ინტენსივობის ევოლუციის, დედამიწის ალბედოს და სათბურის აირების გამოცალკევების პარალელურად“, – წერენ მკვლევრები.

ღრუბლები, წყალი, ყინული, ტყეები, უდაბნოები და ყველა სხვა ტიპის ხმელეთი მზის სინათლეს სხვადასხვაგვარად ირეკლავს და სწორედ ამიტომ სჭირდებათ მეცნიერებს დიდი რაოდენობით მონაცემები დასკვნების გასაკეთებლად. მონაცემებზე გავლენა შეიძლება მოახდინოს ადამიანის საქმიანობით გამოწვეულმა ჰაერის დაბინძურებამაც.

ამჯერად, უახლოეს წლებში, მეცნიერებს უფრო ყოვლისმომცველი კვლევის ჩატარება სურთ. არსებობდა იმედი, რომ გათბობასთან ერთად შეიძლება გაზრდილიყო პლანეტის ალბედო (არეკვლის მაჩვენებელი) და შესაბამისად, გათბობა გარკვეულწილად შემცირებულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი პირიქით ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g