“იმ პირების უდიდესი ნაწილი, რომელიც ჰოსპიტალში ხვდება, არ იყო აცრილი. როდესაც ვამბობ უდიდეს ნაწილს, ეს არის დაახლოებით, 98% და უფრო მეტი. ასევე, რეანიმაციაში აცრილი პირების 1%-ზე ნაკლები ხვდება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ “რუსთავი 2-ის” ეთერში, ვაქცინაციაზე საუბრის დროს განაცხადა.
“ახლა სტატისტიკა რასაც გვეუბნება არის ის, რომ ინფიცირებულების უდიდესი ნაწილი არ იყო აცრილი. უკვე აღარ არის სადავო, რომ ვაქცინა იცავს, რეალურად, როგორც ინფიცირების, ასევე ჰოსპიტალიზაციის და, კიდევ უფრო ძლიერად, გარდაცვალებისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია “დელტა” შტამის ასეთი საშიში, დამაზარალებელი ზემოქმედების პირობებში”, – თქვა გაბუნიამ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15 ოქტომბრის მონაცემებით:
სულ ჩატარებულია 1 899 938 აცრა;
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 007 399 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 35.5 %-ია;
სრულად ვაქცინირებულია 892 410 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 31.2%-ია;
14 ოქტომბერს 843 ადამიანი აიცრა.
