ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის, განცხადებით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი ქვეყნის დასავლურ პერსპექტივას ზიანს აყენებს. რასმუსენი იმედს გამოთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგება.
როგორც „ამერიკის ხმასთან“ საუბარში რასმუსენი აცხადებს, საქართველოს შემთხვევაში ადგილობრივი, საერთაშორისო და უსაფრთხოების პოლიტიკა „იმდენადაა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობამ ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს“.
მისი თქმით, ნამდვილ დემოკრატიაში ყველამ უნდა სცეს პატივი ძალების განაწილებას, მთავრობას, პარლამენტს და სასამართლო სისტემას შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს გარშემო ეჭვები მუდამ იარსებებს. სააკაშვილზე საუბრისას კი ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა თქვა:
„თავს შევიკავებ ამ საკითხზე დეტალურად საუბრისგან, რადგან არ ვიცი, რა არის მის წინააღმდეგ ბრალდებები და, ამასთან, არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა მან ასე მოულოდნელად საქართველოში უკან დაბრუნება.
შესაბამისად, ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ. მაგრამ როდესაც სიტუაციას გარედან ვუყურებ, იმის იმედი მაქვს, რომ მას სამართლიანი პროცესი ჩაუტარდება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მიმართ არა მხოლოდ კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, არამედ, ზოგადად, ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ახალი კითხვები გაჩნდება,“ – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.