ირანული ავიაკომპანიები Zagros Airlines და Qeshm Airlines საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებენ. რეგულარული ფრენები ორივე ავიაკომპანიის მიერ თეირანი – თბილისი – თეირანის საჰაერო ხაზზე შესრულდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანია Zagros Airlines-ის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები თბილისსა და თეირანს შორის 1-ლი ნოემბრიდან განახლდა და კვირაში 2 სიხშირით შესრულდება. რაც შეეხება Qeshm Airlines-ს, სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ზამთრის სანავიგაციო სეზონზე დაუმტკიცდა მოთხოვნილი 7 სიხშირე, რომელთა ათვისებასაც Qeshm Airlines ეტაპობრივად გეგმავს. კერძოდ, ავიაკომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 ნოემბრის ჩათვლით რეისები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით, 15 ნოემბრის შემდეგ კი, კვირაში 4 სიხშირით. ყოველდღიურ ოპერირებაზე გადასვლას Qeshm Airlines სეზონის მიმდინარეობისას განიხილავს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიებს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიენიჭათ.
