ხელისუფლების ქმედებას ჰქვია „ნელი მკვლელობის გეგმა“ , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა და ოპოზიციის გეგმებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხვალიდან აქტიურ მოქმედებას იწყებს.
„ძალიან აქტიური მოქმედებას ვიწყებთ. აქციები იქნება ციხესთან. გარდა ამისა, გეგმაშია საპროტესტო აქციები სხვადასხვა ქალაქებში, სადაც თავს მოვუყრით ათობით ათას ადამიანს იმისთვის, რომ შევაჩეროთ ხელისუფლების გეგმა. ჩვენ ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას და არა ციხის საავადმყოფოში“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
მისი განცხადებით, მათი პროტესტი გამოწვეულია ხელისუფლების ქმედებებიდან.
„რადიკალიზაცია გამოწვეულია ხელისუფლების ქმედებების გამო. არავითარი პრობლემა არ შეიქმნებოდა, თუ სააკაშვილს გადაიყვანდნენ ისეთ დაწესებულებაში, სადაც მისი უფლებები იქნებოდა დაცული.
„არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა“ – სწორედ ამით არის გამოწვეული ჩვენი პროტესტი.
წარუშლელი დაღი შეიძლება დაასვას ამ ამბავმა საქართველოს ისტორიას საუკუნეების მანძილზე. მშვიდობიანი პროტესტი არის ერთადერთი გამოსავალი“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციას ხვალ 17:00 საათზე რუსთავის ციხესთან გამართავს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მელიამ განმარტა, აქცია იქამდე გაგრძელდება, სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხელ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.