„კონსილიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ პაციენტი გადაუდებლად გადაყვანილი იქნას, მაღალპროფილურ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში,“ – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ, რამდენიმე წუთის წინ, რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ციხეში კონსილიუმის სხდომა დასრულდა, თუმცა თავად მიხეილ სააკაშვილი ექიმებს არ უნახავთ.
როგორც ნიკოლოზ ყიფშიძემ აღნიშნა, გადაწყვეტილება ანალიზების პასუხების მაჩვენებელზე დაყრდნობით მიიღეს.
ყიფშიძე არ გამორიცხავს, რომ ჰოსპიტალიზაცია დღესვე მოხდეს, თუმცა სად, ეს უცნობია.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 39-ე დღეა შიმშილობს.
ცნობისთვის, დღეს, თბილისში თავისუფლების მოედანზე 8 საათზე ენმ-ის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.