მარიამ მეტრეველი, რომლის მშობლებიც კორონავირუსმა 9 ოქტომბერს იმსხვერპლა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ სირთულეებზე წერს, რომლის გადალახვაც მშობლების გარეშე უწევს.
მისი განცხადებით, საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ კორონავირუსი კლავს და მსჯელობის პარალელურად, „ავიცრათ თუ არ ავიცრათ, პირბადე გვეკეთოს თუ არა, ადამიანებს ცხოვრება თავზე ექცევათ და სტატისტიკის მიღმა განუზომელი ტკივილით აგრძელებენ ცხოვრებას“.
„76 გარდაცვლილი, 78 გარდაცვლილი, 80 გარდაცვლილი, რამეს გეუბნებათ ეს რიცხვები?
64 დღის წინ, ჩემი ორივე მშობელი, უძვირფასესი დედა და მამა ერთად მივაბარე მიწას, თან ჩემი გული და სული გავატანე… ეს ორი ადამიანი, რომელიც ჩემი მთელი სამყარო იყო, მაშინდელი სტატისტიკის ნაწილად მიითვალა და უბრალოდ დაიწერა რომ იმ დღეს 82 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდ19-ით. როგორც წესი, ცხოვრება კვლავ ჩვეულ რიტმში გაგრძელდა, მაგრამ ჩემთვის დრო გაჩერდა, ყველაფერი გაიყინა და სიცოცხლე გაუფერულდა… მე ერთ დღეს დავკარგე ოჯახი, დედ-მამას ვერც კი გამოვემშვიდობე, ვერ ჩავეხუტე, ვერ ვუთხარი რომ ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო და უნდა ებრძოლათ, იმიტომ რომ ამის უფლება არავინ მომცა…
ჩემი ტრაგედია ბევრისთვის ზღაპარია.. დაუჯერებელი, გამოგონილი ამბავი… დიახ, ზღაპარია, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ბავშვობაში გვიკითხავდნენ, ჩემი გაუგონარი უბედურებით დასრულდა და ყოველი წუთი იმ ცხოვრებისა, რომელიც ჩემ დაუკითხავად გაგრძელდა, დაუსრულებელ ჯოჯოხეთს გავს, რადგან მე ვერაფერი დამემართებოდა მეტად მტკივნეული…
ჩვენ ვმსჯელობთ უნდა ავიცრათ თუ არა, ვერ გადაგვიწყვეტია პირბადე უნდა გვეკეთოს თუ არა, ვკიცხავთ მას, ვინც სიკვდილს აცრა ამჯობინა, ვლანძღავთ იმას, ვინც ჩვენს შეხედულებას ვერ მოერგო, იმასაც ვინც, რამით შეგვზღუდა… ამასობაში კი ჩემნაირ, უბრალო ადამიანებს ცხოვრება თავზე ჩამოექცათ და იმ სტატისტიკის მიღმა განუზომელი ტკივილით აგრძელებენ, ან კიდევ ვერ…
ეს ვირუსი განაჩენია, ამ ვირუსს მოაქვს სიკვდილი, კოვიდი კლავს! კოვიდმა მოკლა ჩემი 65 წლის მამა, ნახევარი საათის შემდეგ კი ჩემი 61 წლის დედა..
მაშინ დავობლდი, როცა ყველაზე მეტად შემწევდა უნარი ჩემი მშობლებისთვის ბედნიერი სიბერე მეჩუქებინა… ვინც კი მიცნობთ, ასე თუ ისე ყველამ იცოდით რომ მშობლები ჩემთვის იყვნენ მთელი ჩემი სამყარო, მათთვის ვცხოვრობდი, ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო… ვერ მოასწრეს დაბერება… ვერ ავუხსენი, რომ აცრა იყო უბრალოდ გადარჩენა, გაურკვეველი, მაგრამ გადარჩენა…
ბოლო დროა უმეტესად ჩუმად ვარ, ვცდილობ ცხოვრებასთან ვადაპტირდე, თავიდან ვსწავლობ სიარულს, მაგრამ ვერ ვიკავებ თავს, რომ არ ვთქვა, არ გითხრათ, რომ ეს ვირუსი კლავს! 9 სექტემბერს მეც მოვკვდი, დღემდე ასეა და ასე იქნება სულ, რადგან ჩემი არსებობის ეს განსაცდელი სამუდამოა, გამოუსწორებელი და საზარელი… დილით გაღვიძება არ მიხარია, დაღამებას ველოდები, რომ დრო მალე გავიდეს… ის მომავალი დღეები, რომელიც არ ვიცი რამდენი იქნება, ტკივილს მგვრის… ვერაფერს ვახერხებ… დავდივარ ასე უსულოდ და მექანიკურად ვიღიმი.. ისიც კი არ ვიცი სადმე, ოდესმე დედ-მამასთან ჩახუტებას თუ შევძლებ… ოდესმე ისევ თუ გამიხარდება მზის ამოსვლა…“, – წერს მარიამ მეტრეველი.