ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც 60 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის ფინანსურ წახალისების პროგრამა ამოქმედდა, ამ ასაკობრივ კატეგორიაში ვაქცინირებულების რიცხვმა მოიმატა.
პენსიონერები, რომლებიც პირველ იანვრამდე აიცრებიან, ერთჯერად 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებენ
ამის შესახებ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს მაჩვენებელი ვაქცინირებულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 35-37 %-ს შეადგენს:
“ალბათ ბოლო თვენახევრის განმავლობაში, ორშაბათს პირველად მოხდა, რომ ჩატარებული აცრების რაოდენობა 10 ათასს მიუახლოვდა.
8 ნოემბრის შემდეგ, რაც 60 წლის ზემოთ პირთა წახალისების პროგრამა გააქტიურდა – შეგახსენებთ, რომ 60 წლის ზემოთ პირები, პირველი აცრის ჩატარებისთანავე იღებენ 200-ლარიან ფინანსურ წახალისებას – ეს აღმოჩნდა გარკვეული სტიმული და ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინირებულების რიცხვმა მოიმატა, მაგრამ ეს მაჩვენებელი ჯერჯერობით მაინც რჩება საერთო რაოდენობის, დაახლოებით, 35-37 %-ზე, რაც, რა თქმა უნდა, მცირეა და მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს.” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, პენსიონერები, რომლებიც პირველ იანვრამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებენ, ერთჯერადად, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებენ.