„ლელომ“ პარლამენტში საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა. ამის შესახებ დღეს, 14 დეკემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებაზე, საქართველოს პარლამენტისგან სათანადო პასუხს მოითხოვს.
„ის თავხედური თავდასხმა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე, რაც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მოვისმინეთ, მოითხოვს არაერთაზროვან პასუხს საქართველოს პარლამენტისგან, როგორც ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი მთავარი პოლიტიკური ორგანოსგან.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შეთანხმების რაღაც სივრცეზე, იმ სივრცეზე, სადაც შეიძლება რომ ამ კიბის მარცხნივ და მარჯვნივ მსხდომმა ადამიანებმა ერთად დაუჭირონ რამეს მხარი, სწორედ ასეთი ინიციატივაა რეზოლუციის ის პროექტი, რომელსაც გთავაზობთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.
თუმცა სამადაშვილის თქმით, რამდენი რეზოლუციაც არ უნდა მიიღონ, თუ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნა გაგრძელდება, საქართველოს ნატოს წევრის სტატუსის მიღების არანაირი შანსი ექნება.
შეგახსენებთ, რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოებისგან ითხოვს, უარი თქვან ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები.
