უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ღამის კლუბების მეპატრონეებთან კონსენსუსის მისაღწევად კონსულტაციები ინტენსიურად მიმდინარეობს.
როგორც ღიბრაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, გადაწყვეტილება იმის შესახებ, ექნებათ თუ არა კლუბებს საახალწლო ღონისძიების ჩატარების უფლება, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
„კონსულტაციები აქამდეც იყო და ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა გარკვეულ კონსენსუსამდე მივაღწიოთ. ვირუსის დინამიკის განვითარება და გარემოებები იცით, ამიტომ კიდევ ერთხელ ინტენსიურად ვმუშაობთ მათთან, რომ მივაღწიოთ კონსენსუსს, შედეგსა და შეთანხმებას“, – განაცხადა ღიბრაძემ.
შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე, ღამის კლუბების გახსნის თაობაზე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, კლუბების ხელმძღვანელების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. შრომის ინსპექციამ თბილისში რამდენიმე ღამის კლუბი დალუქა, ხოლო „ბასიანი“ 10 ათასი ლარით დააჯარიმა. მიუხედავად ამისა, ღონისძიება მაინც გაიმართა, საკლუბო სექტორმა კი, ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა. კლუბის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან ელოდებიან დაუყოვნებლივ გეგმას, თუ როდის შეძლებენ მუშაობის დაწყების უფლების მიღებას.
ამავე თემაზე ვრცლად: