დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ იწყება ე.წ. ინფიცირების აღმავალი ტალღა, რომელიც, დიდი ალბათობით, “ომიკრონის” შტამით არის გამოწვეული.
ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას, აიცრან და არსებული რეგულაციები დაიცვან:
“ძველით ახალი წლის პერიოდში, მოგეხსენებათ, ეს არის დასვენების, შეხვედრების პერიოდი, გთხოვთ, ვიყოთ მაქსიმალურად მოკრძალებული, რადგან, ხაზს ვუსვამ, რომ ქვეყანაში უფრო ინტენსიურად ცირკულირებს ვირუსი, ვიდრე ეს იყო დეკემბრის მეორე ნახევარში და იწყება კიდევ ე.წ. ინფიცირების აღმავალი ტალღა, რომელიც, დიდი ალბათობით, გამოწვეულია სწორედ ახალი შტამით, “ომიკრონით”.
ამიტომ გთხოვთ, ყველას კიდევ ერთხელ, რომ ავიცრათ და დავიცვათ წესები და რეგულაციები. ეს გახლავთ პირველ რიგში პირბადის ტარება, დიდი თავშეყრის ადგილების თავის არიდება, სანიტარული წესრიგი და დისტანციის დაცვა. შედარებით მარტივად აღსასრულებელია ყველა ეს რეკომენდაცია და ამით ჩვენ ვიცავთ ჩვენ თავს და ყველას სხვას ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. ანუ ჩვენ ვიცრებით ქვეყნისთვის და ადამიანთა ჯანმრთელობისთვის”, – განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში ამ დროისთვის “ომიკრონით” ინფიცირების 159 შემთხვევაა გამოვლენილი.