გაგრძელდება თუ არა საქართველოში ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურების მიზნით ფინანსური წახალისებები, მათ შორის ბუსტერ-დოზებზეც – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.
თამარ გაბუნიას განცხადებით, საბჭოს წევრებს ექნებათ დამატებით შეთანხმება, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს წახალისება:
“წახალისების მექანიზმი ეფექტიანად მუშაობდა. მიდის მსჯელობა და მუშავდება ვაქცინაციის გეგმის განახლებული ვარიანტი. ამ კვირაში კიდევ იქნება დამატებითი კონსულტაციები.
მოგეხსენებათ, იანვრის ბოლომდე წახალისების სქემა მოქმედებს. გვექნება კიდევ დამატებით შეთანხმება, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს წახალისება, როგორც პირველ და მეორე დოზებზე, ასევე “ბუსტერის” კუთხით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულებში, სამედიცინო პერსონალსა და სხვა რისკ ჯგუფებში”, – თქვა გაბუნიამ.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ გეგმა, რომელიც მოსახლეობის 70 %-ის ვაქცინაციას გულისხმობს, განხორციელდეს, ამისთვის კი, რაც შეუძლიათ გამოიყენონ – წახალისების მექანიზმია:
“მოსახლეობის 70%, ის სამიზნეა, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ზოგადად სვამს. ჩვენ გამონაკლისი ვერ ვიქნებით და უნდა ავყვეთ ამ ამბიციურ გეგმას. ჩვენ რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ, ეს წახალისების მექანიზმია, რაც აქამდე საკმაოდ ეფექტიანად მუშაობდა და ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს.
მუშავდება ვაქცინაციის გეგმის განახლებული ვარიანტი და ამ კვირაში დამატებითი კონსულტაციები იქნება ამ საკითხზე”, – აღნიშნა გაბუნიამ.