საქართველოში „ომიკრონით“ 3 ადამიანია გარდაცვლილი. ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო სხდომის შემდეგ განაცხადა.
„ხშირად ისმის კითხვა – იღუპებიან თუ არა „ომიკრონით“ ადამიანები. მოარული ინფორმაცია არის, რომ „ომიკრონი“ ძალიან მსუბუქია და ამას ფეხზე გადავიტანთ და არაფერი განსაკუთრებული არ იქნება.
„ომიკრონი“ ხანდაზმულ ასაკში გართულებებს იწვევს, შედარებით ნაკლებს, ვიდრე ეს „დელტასთან“ მიმართებით გვქონდა, თუმცა „ომიკრონით“ როგორც გართულების ასევე ფატალური შემთხვევები გვაქვს. ჩვენთან გაანალიზებულია ის, რაც ლაბორატორიულად დადასტურებულია, დღეს ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ყველა დადებით შემთხვევაში, რაც ქვეყანაშია, 90-95%-მდე უკვე “ომიკრონის” შტამი ცირკულირებს.
გვაქვს ლაბორატორიულად დადასტურებული 1 754 ომიკრონის შემთხვევა, როგორც გენეტიკური სეკვენირებით, ისე სპეციალური პისიარ ტესტებით, აქედან შესწავლილია დეტალურად 1 184 შემთხვევა, საიდანაც დაახლოებით, 50% ორჯერ ვაქცინირებული იყო, 14%-ში კი რეინფიცირება გვაქვს.
1 184 შემთხვევიდან 38-ში საჭირო გახდა ჰოსპიტალიზაცია, ეს 3.7%-ია ანუ ჰოსპიტალიზაცია „დელტასთან“ შედარებით სერიოზულად დაკლებულია, მაშინ ჰოსპიტალიზაცია – 12-15-20% იყო. ლაბორატორიულად დადასტურებული „ომიკრონის“ 1 184 შემთხვევიდან გარდაცვალების 3 შემთხვევა გვქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დეკემბრის მეორე ნახევარში ან იანვრის განმავლობაში მხოლოდ 3 ადამიანი გარდაიცვალა, რადგან დღეს ძირითადად „ომიკრონი“ ცირკულირებს გართულებაც და ლეტალობაც მაღალია, მაგრამ ის 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს დელტას შემთხვევაში იყო“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძემ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი 60 წელს გადაცილებულ პირებს აცრისკენ და ვაქცინის ბუსტერ დოზის გაკეთებისკენ მოუწოდა.
საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ დღეს გაკეთებული განცხადებები:
საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა
რატომ გაუქმდა მწვანე პასპორტის ვალდებულება – გაბუნიას განმარტება
გაბუნია: ბავშვებში ვირუსის შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა