LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქადაგიშვილი: უკრაინასთან დაკავშირებულ კონფლიქტში შუბის წვერზე არ უნდა ვიყოთ, რა გვინდა, რუსეთის აგრესიის ნაწილი საქართველოსკენ მოვმართოთ?

70
ირაკლი ქადაგიშვილი

უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებულ კონფლიქტში საქართველო შუბის წვერზე არ უნდა იყოს.

ქადაგიშვილის თქმით, არ ეშინიათ, თუმცა ეშინიათ იმის, რომ ისეთი ფატალური შეცდომები, როგორიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩაიდინა, ამ ხელისუფლებამ არ გაიმეოროს. 

მისივე თქმით, საქართველო ჩართულია ყველა ფორმატში, რომელიც ბოლო პერიოდში გაიმართა და რომელიც რუსეთსა და დასავლეთს შორის სიტუაციის გამწვავებას მოჰყვა:

“ჩვენ უკრაინასთან დაკავშირებულ კონფლიქტში შუბის წვერზე არ უნდა ვიყოთ, რა გვინდა, რუსეთის აგრესიის ნაწილი საქართველოსკენ მოვმართოთ? არავისი გვეშინია, მაგრამ გვეშინია იმის, რომ ისეთი ფატალური შეცდომები, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩაიდინა, არ გავიმეოროთ.

საქართველოს პოზიციების პოზიციონირებას ყველა ფორმატში ვაკეთებთ – აშშ-სთან, კონკრეტულად უკრაინის სახელმწიფოსთან მიმართებაში, ნატოსთან მიმართებაში. ნახეთ ყველა ფორმატი, რომელიც ბოლო პერიოდში გაიმართა და რომელიც რუსეთსა და დასავლეთს შორის სიტუაციის გამწვავებას მოჰყვა, საქართველო ყველა ფორმატში არის ჩართული.

თუ იმას გვეუბნებით, რომ საკითხი ურაპატრიოტიზმის დონეზე რატომ არ გვყავს აყვნილი, ჩვენ ურაპატრიოტიზმის დონეზე არ ავიყვანთ, მაგრამ ყველა სამუშაო ფორმატში ვაკეთებთ იმას, რომ საქართველო არც აგრესიის მსხვერპლი გახდეს და ყველა პროცესიდან, რომელიც დღეს მიმდინარეობს, თუ რაიმე ბენეფიტი იქნება, ამ ბენეფიტის მიმღები იყოს.

თუ გგონიათ, რომ ის ურაპატრიოტიზმი, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წლის ომის წინ გამოიჩინა, იყო პატრიოტიზმი და აქტიურობა, ეს საქართველოს ინტერესების დაღუპვა იყო და ამას საქართველო აღარ გაიმეორებს”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტმა “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლების გარდა, რეზოლუციის პროექტისთვის ხელი არ მოუწერია არც ერთ საპარლამენტო ჯგუფს.

შეგახსენებთ, ოპოზიციის წარმომადგენლები რეზოლუციის პროექტს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ არც ერთ პუნქტში რუსეთის ფედერაცია ნახსენები არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები